სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/accia.png

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თანადგომის ტრადიცია აღდგომის დღეებში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მასშტაბური სოციალური აქცია განხორციელდა,

 რომელიც მიზნად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას ისახავდა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 100 000 ლარით 1 100 ბენეფიციარს გაეწია ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

აღნიშნული მხარდაჭერა უკავშირდება ტრადიციას, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა წლებია იცავს — დღესასწაულებზე თანადგომა იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულად საჭიროებს ხელშეწყობას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილი თქმით, მსგავსი ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზოგადოების ყველაზე სუსტი ფენებისადმი თანადგომის მნიშვნელობას:

„აღდგომა სიყვარულისა და ერთიანობის დღესასწაულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეებში განსაკუთრებით შევიგრძნოთ ერთმანეთის გვერდში დგომა. მუნიციპალიტეტი ყოველთვის იქნება იმ ადამიანების მხარდამჭერი, ვისთვისაც ეს თანადგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მადლობა ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში — სოციალური სამსახურისგან დაწყებული, სოფლის წარმომადგენლებით დამთავრებული,“ — აღნიშნა მერმა.

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ  ჭიპაშვილი:

მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ხაზი გაუსვა სოციალურ საკითხთა კომისიისა და მერის წარმომადგენლების მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოს:

„მნიშვნელოვანი იყო, რომ მხარდაჭერა მიეღოთ ნამდვილად მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა. სოციალური საკითხთა კომისიის მუშაობა სეგმენტ ჯგუფებთან — ასაკოვან მოქალაქეებთან, პენსიონერებთან, შშმ პირებთან, მარტოხელა ადამიანებთან — ეფექტური და მიზნობრივი იყო. დიდი მადლობა თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის. მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს არა მხოლოდ ერთჯერადი დახმარებაა, არამედ სისტემური თანადგომის პოლიტიკის ნაწილია.“

 

ხარაგაულის მერია კვლავ აგრძელებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული პროგრამების განხორციელებას და მუშაობს იმისთვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა ხელშესახები იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს.

 

ნანახია: 251 - ჯერ