ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2024” მიმდინარეობს.
საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს. წლევანდელ ფესტივალს მოლდოვასა და ლიეტუვას თეატრები უერთდებიან.
21 ივნისს იმერეთის თეატრალურ ფესტივაზე, ხარაგაულის თეატრი პრემიერით ,,ბამბაზიის სამოთხე“ წარსდგა.
სპექტაკლი მაყურებელმა მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
პიესა ,,ბამბაზიის სამოთხე“ აფხაზეთის ომის ტრაგედიას და ომით განადგურებული შვილმკვდარი დედების, ურთიერთგაგებას, ტკივილსა და მწუხარებას ეხება.
ირინე ჩხეიძე:
,,ერთ დღეს ყველა ერთად დავსხედით და გადავწყვიტეთ , რომ დაგვედგა რამე რთული სპექტაკლი,სულისშემძვრელი, საფიქრალით დატვირთული,მოსვენების დამკარგავი. თან გვინდოდა ჩვენი ძალებიც მოგვესინჯა ამ ჟანრში.
ხუმრობა საქმე არაა მესხიშვილის დიდი თეატრის სცენაზე წარსდგე ქუთაისელი მაყურებლის წინაშე და თან უკან გედგას 125 წლის ხარაგაულის
თეატრის სახელოვანი ისტორია.
დიდი მადლობა ამ საოცარი პიესის ჩუქებისათვის მწერალ, ნინია სადღობელაშვილს.
თემა,რომელსაც პიესა ეხება მარადიული და მოურჩენელი ტკივილია საქართველოსთვის - აფხაზეთის ომი.
მარტო ხარაგაულიდან აფხაზეთში 21 ახალგაზრდა დაიღუპა. ეს ტკივილი ყველას ტკივილია.“
სპექტაკლის რეჟისორია, ირინე ჩხეიძე.
მხატვარი, გაიოზ შუბითიძე.
მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ვასილ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, გიორგი ჭიპაშვილი.
სპექტაკლში გამოყენებულია ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორის, ანუშკა ჩხეიძის მუსიკა.
სპექტაკლის პრემიერა ხარაგაულელი მაყურებლებისთვის 24 ივნისს გაიმართება.