ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა სამუსიკო სკოლის დირექტორმა , ლალი ალექსიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მთელი წლის მანძილზე გაწეული შრომის ერთგვარი ანგარიში წარუდგინა და ხარაგაულის მერიას გამოხატული მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მიმდინარე წელი ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლისათვის გამორჩეულად დატვირთული და ნაყოფიერი იყო.
სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტში გამართულ ფესტივალებსა და კონკურსებში არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
ღონისძიებაზე საფორტეპიანო ჯგუფის მოსწავლეებმა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს.( პედაგოგები: ხათუნა მაჭავარიანი, დარეჯან კაციტაძე, დარეჯან გვაძაბია, დალი მერაბიშვილი, ლიანა კვირიკაშვილი, თამარ ჩიმაკაძე).
მაყურებელი განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი „ედელვაისი”-ს სიმღერებს.
მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა კომპოზიციებმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
დასასრულს, ლალი ალექსიძემ მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და მშობლებს მთელი წლის მანძილზე სამუსიკო სკოლისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის.