სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2348.JPG

ხარაგაულის მერია, პოზიტიური მშობლობის საპილოტე პროგრამაში ჩაერთო

ხარაგაულის მერი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პოზიტიური მშობლობის შესახებ პროგრამის გახსნით ღონისძიებას დაესწრო.

კობა ლურსმანაშვილი შეხვედრაზე, პროგრამის საპილოტე მუნიციპალიტეტის მერის სტატუსით გახლდათ მიწვეული.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შეკრებილმა ექსპერტებმა, სპეციალისტებმა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა პოზიტიური მშობლობის პროგრამა განიხილეს.

ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე -რატი იონათამიშვილი, პარლამენტის ბავშვის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარე -ბაია კვიციანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში -ნიკო თათულაშვილი, გერმანიის ელჩის მოადგილე- ტანია ჰუთი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი - სოფო კილაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამა ოჯახის გაძლიერებას ემსახურება და მისი მიზანია, დაეხმაროს მშობელს, რომელსაც ბავშვის აღზრდის პოზიტიური უნარების შესაძენად პროფესიონალის მხარდაჭერა სჭირდება.

დახმარება ორ შემთხვევას მოიაზრებს:

პრევენცია - პრობლემის წარმოქმნისთანავე დაიწყოს მუშაობა პროფესიონალმა, იმისათვის რათა ის არ გაღრმავდეს და არ მიაღწიოს ისეთ ნიშნულს, როდესაც ბავშვის კეთილდღეობას პირდაპირი საფრთხე შეექმნება, რაც, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ბავშვის ოჯახიდან განცალკევებას;

რეინტეგრაცია - სახელმწიფო მშობლებს დაეხმაროს განცალკევებული ბავშვების ოჯახში დაბრუნებაში, რეინტეგრაციაში, როდესაც მშობელს სჭირდება გაძლიერება და შესაბამისი უნარების შეძენა, იმისათვის, რათა მან ღირსეულად შეძლოს ოჯახში ბავშვზე ზრუნვა.

პროგრამის განხორციელების საჭიროება, მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს შორის კოორდინაციის პროექტის განხორციელებისას, მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიკვეთა.

პროგრამა საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახის გაძლიერებისა და პოზიტიური მშობლობის გერმანული გამოცდილების საფუძველზე იქმნება.ბერლინის ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნება პოზიტიური მშობლობის პროგრამა და ისინი, ასევე, გადაამზადებენ ქართველ პროფესიონალებს პოზიტიური მშობლობის ტექნიკებზე, მათ შორის, მზრუნველობითი, არაძალადობრივი უნარები.

მასში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ასევე, ხარაგაულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

 

ნანახია: 421 - ჯერ