სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0361.JPG

ბაზალეთის საჯარო სკოლაში თოჯინების თეატრი შეიქმნა

ბაზალეთის საჯარო სკოლა საერთაშორისო პროექტში ,,etwinning” ჩაერთო, პროექტის ფარგლებში,  ხელოვნების პედაგოგის, მელანო ბერაძის და ინგლისური ენის პედაგოგის, ინგა კვინიკაძის ინიციატივით სკოლაში ხელოვანთა კლუბი ,,არტისტული ხედვა“ და თოჯინების თეატრი შეიქმნა.

აპრილის თვეში, სკოლის ხელოვანთა კლუბის ,,არტისტული ხედვა"  ბავშვებმა  თოჯინების სპექტაკლები: ,,კომბლე“ და ,,რწყილი და ჭიანჭველა“ წარმოადგინეს.სპექტაკლში  მე-3, მე-4, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა პედაგოგების ხელმძღვანელობით, მეორეული ნივთებისგან და ნარჩენებისგან თოჯინები შექმნეს, დეკორაციები გააკეთეს, სცენარი და როლები მოირგეს და უკვე მეორედ წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე.

სპექტაკლს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი, იზა ვეფხვაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, ჰამლეტ ბერაძე, ხარაგაულის რაიონული პროფკავშირების ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლალი ვაქერ-სებისკვერაძე და სარგვეშის, საღანძილის და დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის  პედაგოგები ესწრებოდნენ.

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:

,,მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ სკოლაში მოსწავლეების განვითარებაზე ასე ზრუნავენ პედაგოგები. ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მიღების ის არაფორმარული გზები, რომლებიც პატარებში დაუვიწყარ ემოციას იწვევს. საერთაშორისო პროექტმა ,,etwinning” გარკვეული სიცოცხლე შესძინა სკოლებს. ამ პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე ასევე საქველმოქმედო ხასიათის გამოფენა - გაყიდვაში და ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ბავშვების კეთილ მიზნებში.“

სპექტაკლის დასრულების შემდეგ თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებმა, ირინე ჩხეიძემ და იზა ვეფხვაძემ ბავშვების შეკითხვებს უპასუხეს, პატარა თეატრალებს თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და თეატრის და ხელოვნების სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადეს.

,,ბავშვობის შთაბეჭდილებებს ძალიან დიდი ძალა აქვს. ამ ასაკში მიღებულმა გამოცდილებმა ბევრი რამ შეიძლება განსაზღვროს და განაპირობოს მოზარდის ცხოვრებაში. ხარაგაულის თოჯინების თეატრი მზადაა ჩაატაროს მასტერკლასი ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის“- განაცხადა ირინე ჩხეიძემ.

ღონისძიების დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს, მელანო ბერაძეს და ინგა კვინიკაძეს საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისთვის.

,, ყოველთვის ვცდილობ მოვძებნო გზები, რომელიც  ჩემს მოსწავლეებს, თეატრს, მხატვრობას და ზოგადად ხელოვნებას სხვა მხრივ დაანახებს და დააინტერესებს.

თოჯინების თეატრიც ამ მცდელობის ერთ-ერთი მაგალითია. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, სკოლის ადმინისტრაციას, რომელთა მხარდაჭერას ყველა ეტაპზე ვგრძნობდი.

მადლობა ჩვენ სტუმრებს, რომლებმაც დრო გამონახეს, გვესტუმრენ, ბავშვების შემოქმედება შეაფასეს და მათ ამით ბედნიერება და სიხარული აჩუქეს“- აღნიშნა ღონისძიების დასასრულს, მელანო ბერაძემ.

ღონისძიების დასასრულს ტუმრებმა შემოქმედ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.

ბაზალეთის ხელოვანთა კლუბი ,,არტისტული ხედვა“ კიდევ მრავალი საინტერესო აქტივობის ჩატარებას გეგმავს.

ნანახია: 573 - ჯერ