სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/408447743_7216568938393844_2321820920097822104_n.jpg

თბილისში ხარაგაულის თეატრის სპექტაკლის ჩვენება გაიმართა

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა თბილისელი მაყურებლის წინაშე სპექტაკლი ,,დოდოს მოლოდინში'' ითამაშა.

სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

დათო ტურაშვილის პიესა ,,დოდოს მოლოდინში“ ემიგრაციის თემას,  საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში მოღვაწე ათასობით ქართველ ქალს ეძღვნება, ვისთვისაც საქართველოში დაბრუნება ყველაზე სანუკვარი ოცნებაა.

თბილისში გამართულ ჩვენებას თეატრმცოდნეთა და მაყურებელთა გულთბილი გამოხმაურება მოჰყვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია ,,მოდინახე"-ს სამხატვრო ხელმძღვანელი და საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, ნუგზარ ბუცხრიკიძე:

,,ქალაქ ხარაგაულის მერიას, მრავალ რიცხოვანი მაყურებლის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ, თქვენი არაჩვეულებრივი თეატრის, არაჩვეულებრივი სპექტაკლის ჩვენებისათვის, ყველა თქვენი ჩამობრძანება თბილისში და შეხვედრა თბილისელ მაყურებელთან ნამდვილი დღესასწაულია, ალბათ შემაჩნევდით აღფრთოვანებულ მაყურებელს, ღიმილიან და ცრემლნარევ თვალებს, შეძახილებს და უწყვეტ ტაშს, რომელიც მსახიობებისათვის ყველაზე ღირსეული, უანგარო საჩუქარია, რომელიც გამოხატავს თქვენი დიდი შრომის დაფასებას, სიყვარულსა და პატივისცემას.

  ქალბატონო ირინე ნამდვილად დამსახურებულად მიიღეთ ჯილდო, ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის, საუკეთესო იყო რეჟისურა და სცენოგრაფიაც, ბარაქალა თქვენს მოღვაწეობას. ნებისმიერ თეატრს დაამშვენებდა თქვენნაირ თეატრალთან, ხელოვანთან თანამშრომლობა, ეს არამარტო ჩემი არამედ დარბაზში მსხდომი თეატრმცოდნეთა აზრიცაა.

 მადლობა თქვენი ქალაქის მერს ბატონ კობას, მის მთელ გუნდს, მადლობა კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს ბატონ მამუკა ჭიპაშვილს, თქვენდამი თეატრის საქმიანობაში ხელშეწყობისა და საერთოდ კულტურაზე ზრუნვისათვის, მადლობა რაიონის მოსახლეობას, მაყურებელს, თქვენ მთავარი ხართ, თქვენთვის იღწვის ეს შესანიშნავი თეატრი იმედს გამოვთქვავ, რომ მომავალ წელს ჩვენი თეატრები რომელიმე საერთაშორისო ფესტივალზე ერთად მოხვდებიან.ჩვენ გვიყვარს ხარაგაულის თეატრი.”

ნათია მეტრეველი: ,,პრობლემა,რომელიც ისევ აქტუალურია. ემიგრანტი ქართველი ქალები - ოჯახების გადამრჩენლები! დიდი ტკივილით სავსე ცხოვრება,რომელსაც ტკბილ-მწარე იუმორი, ოჯახის და საქართველოს უდიდესი მონატრება ახლავს. დიდი მადლობა ხარაგაულის თეატრალურ დასს სპექტაკლისთვის "დოდოს მოლოდინში". ეს არის სპექტაკლი ,რომელიც უნდა ნახო! სპექტაკლი, რომელიც გაგრძნობინებს , რომ ქალს ყველაფერი შეუძლია,უმძიმესი ტკივილის ფასად, რომ  ქალი ძლიერია, ქალი გადამრჩენია, ქალი სიყვარულის ქვაკუთხედია! დიდი მადლობა ირინე ჩხეიძეს ამ შესაძლებლობისთვის!

მარიამ ფხალაძე: ,,ზღვა ემოციებით სავსე დღე, ხარაგაულელები რომ საუკეთესოები იყვნენ ვიცოდი და დღეს უფრო დავრწმუნდი ამაში. ეს იყო სასწაული სანახაობა, ამ სპექტაკლზე დასწრება ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. ქალბატონო ირინე,უღრმესი მადლობა თქვენ, საუკეთესო შესრულება იყო, კიდევ გელოდებით თბილისში.”

იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ,,თეატრალური იმერეთი 2023" , ხარაგაულის სახალხო თეატრი, ნომინაციაში ,,საუკეთესო რეჟისურა“ გამარჯვებულად დასახელდა და ფესტივალის ჯილდო , სპექტაკლის რეჟისორს , ირინე ჩხეიძეს გადაეცა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, მაია ბერაძე, დავით ჭყოიძე, გიორგი ჭიპაშვილი, ვასილ კიკნაძე,

ქორეოგრაფი:ზაზა ლურსმანაშვილი

მხატვარი: გაიოზ შუბითიძეს

ოპერატორები: დავით კვირიკაშვილი, ირაკლი შარიქაძე, ზაზა ტაბატაძე, ავთო კვირიკაშვილი.

რეკვიზიტორი: მაია ვარდოსანიძე

გრიმი: ლიკა თაბუკაშვილი

სპექტაკლის ჩვენება ტექნიკური უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში გაიმართა.

 

ნანახია: 494 - ჯერ