სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2564.JPG

      ცნობილი მეთუნე, ზალიკო ბოჟაძე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით დაჯილდოვდა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე ცნობილი მეთუნე, სოფელ მაქათუბნის მკვიდრი, ზალიკო ბოჟაძე წარუდგინა.

ზალიკო ბოჟაძე  საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომით და მოწმობით  საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა დააჯილდოვა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მაქათუბანში მცხოვრები ზალიკო ბოჟაძე მთელ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც ცნობილია თავისი სამეთუნეო საქმიანობით, რომელიც ოდითგან ტრადიციულად მოჰყვება მის ოჯახს.  აქვს თავისი ხელით შექმნილი საამქრო და ამზადებს თიხის ნაწარმს, ჭურჭელს, სუვენირებს, თონეებს, ქვევრებს და სხვა.

იგი 2012 წელს მიწვეული იყო იტალიაში საერთაშორისო ფორუმზე ,,გადავარჩინოთ დედამიწა“.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა თავისი დროშით, ჰიმნით და კულტურით.

2013 წლიდან ,,იუნესკოს“- მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“- არამატერიალური  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა , ამის აღსანიშნავად 2016 წლის  1 მარტს გაეროს  70-წელთან დაკავშირებით  აღნიშნულ ორგანიზაციას, კულტურის სამინისტროს დელეგაციამ სამახსოვროდ ქართული ქვევრი (ჭური) გადასცა წარწერით ,,საქართველო“  ეს ქვევრი ჟენევაში, გაეროს შტაბ-ბინის  შენობის ეზოში დაიდგა და დღესაც იქაა იგი ზალიკო ბოჟაძის ნამუშევარია მისივე დამღით ,,საქართველო, მაქათუბანი, ზალიკო ბოჟაძე, XXI საუკუნე“.

,,პატარაობიდანვე ვეზიარე მეთუნეობის ხელობას, რომელიც წინაპრებიდან გადმოცემული ჩვენი ოჯახური ტრადიციაა.

8-წლის ასაკში უკვე ვაკეთებდი კეცებს, პატარა სუვენირებს და აქედან მომდინარე ეს ხელობა აღარც მიმიტოვებია.

ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ვცდილობ ჩემს შვილებს და შთამომავლებსაც  შევაყვარო იგი.

მიმაჩნია, რომ ეს ეროვნული საქმეა და ვფიქრობ ბოლომდე ვუერთგულებ მას“- ამბობს ცნობილი მეთუნე.

მიმდინარე წელს, მერის კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა.

2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.

 

ნანახია: 971 - ჯერ