სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/375969143_6989169444447251_4630359812549217344_n.jpg

,,ადამიანებო, გამოფხიზლდით!“ - ნათია ხიჯაკაძის საკონკურსო ნამუშევარი, ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო სამეულში მოხვდა

ლეღვნის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგის, ნათია ხიჯაკაძის საკონკურსო ნამუშევარი, ლიტერატურული კონკურსის ,,ოდეონის“ ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო სამეულში მოხვდა.

,,წლებია უკვე რაც ოდეონის დიდი გულშემატკივარი ვარ, თუმცა მონაწილეობა წელს პირველად მივიღე. ქალბატონ იზას უდიდესი ნიჭი აქვს, რომ ყოველი დღე დღესასწაულად აქციოს, მაგრამ ეს დღე ნამდვილად გამორჩეული იყო, ზღაპრული გარემო და უნიჭიერესი ადამიანები. ვთვლი, რომ ოდეონი მხოლოდ ლიტერატურული კონკურსი არაა,ეს არის უდიდესი სიყვარულის, სითბოს , ადამიანური ურთიერთობების ზეიმი. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივი და ბედნიერებაა მერქვას ოდეონელი” - გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას ნათია ხიჯაკაძე.

წელს ლიტერატურული კონკურსის, საკონკურსო თემა  ,,სამრეკლო" გახლდათ.

გთავაზობთ,   საკონკურსო ნამუშევარს.

 

   უკვე  მილიარდობით წელი იყო, რაც ასე შეუჩერებლად მიჰქროდა უსასრულო გალაქტიკაში. მიჰქროდა და მიაქანებდა სიცოცხლის პაწაწინა ნაპერწკალს..ხანდახან გული ეკუმშებოდა, უზარმაზარ პლანეტებსა და ვარსკვლავებს რომ გვერდს ჩაულიდა. - რა პატარა ვარ მათთან შედარებით!-გაუელვებდა წამიერად,მაგრამ უმალვე უკუაგდებდა გულისტკივილს:-როგორ შეიძლება შევენატრო ქვის უსიცოცხლო ბურთს ან გავარვარებულ მნათობს,მე ხომ ყველაზე საოცარი,სიცოცხლე მარგუნა  სამყარომ...

    წლებს არ ითვლიდა,არც საუკუნეებს,არც სიბერეზე უფიქრია არასოდეს,მაგრამ ბოლო დროს რაღაც უცნაური განცდა დაეუფლა,თითქოს სული შეეხუთა,გულზე მარწუხებივით შემოეჭდო აუხსნელი შიში.გრძნობდა,რომ საკუთარი სხეულის დამორჩილება უჭირდა.

    -რა იყო ეს უზარმაზარი ტალღები და ქარიშხალი,რამ გაგაბრაზა და გაგაბოროტა ასე?-საყვედურით წასჩურჩულა ოკეანეს.

   -შშშხხ!-წაიდუდუნა პასუხად ოკეანემ და პოლიეთილენის ბოთლების უზარმაზარი გროვა გარიყა სანაპიროზე.

   -ფუჰ,რა სიბინძურეა!-ჩაესმა დედამიწას.ახალგაზრდა  წყვილმა ადგილი მოინაცვლა,სანაპიროზე კი ,ძველ ადგილას,ლუდის ცარიელი ქილები და ორცხობილის შეფუთვები დარჩა.თვალი აარიდა დედამიწამ...

   -თქვენ რაღა გატირებთ ამ ბოლო დროს ასე გაუჩერებლად?-ახლა მყინვარებს ააყოლა თვალი გულისტკივილით.

   -ეეეჰ!-არც თუ ისე ცივი ჰაერი ამოისუნთქეს მყინვარებმა და ცრემლებით სავსე, სევდიანი თვალებით გადახედეს მტვრისა და გამონაბოლქვის ნისლში ჩაძირულ უზარმაზარ მეგაპოლისებს.გული მოეწურა დედამიწას,რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ უეცრად მწველი ტკივილი იგრძნო. -ისევ ცეცხლი!-გაუელვა წამიერად.ვერა და ვერ მოიშუშა ამდენი დამწვრობის კვალი.-ალბათ,ისევ კოცონი დარჩათ ჩაუქრონელი , ანდა, სულაც ვიღაცის გასროლილი სიგარეტის ნამწვის ბრალია.-ამოიკვნესა გულდამწვარმა.კვამლით სულშეხუთულმა ტკივილის გასაქარვებლად თითქოს ბრუნვას უმატა,მაგრამ...-დრრრრ!!!- ისევ ეს წყეული ბურღი!სად მოძვრებით,სად?! გული მაინც დამიტოვეთ მთელი,თქვენ დალოცვილებო!-ამოიგმინა საბრალოდ და უეცრად საოცარი შიში იგრძნო,ჯერ არგანცდილი და შემაძრწუნებელი,ყველაზე ძვირფასის-სიცოცხლის დაკარგვის შიში.მიხვდა,რომ დუმილის დრო აღარ იყო...

     იძვროდა მიწა.ქარიშხალს ზვირთებად მოჰქონდა ოკეანის უზარმაზარი ტალღები.მწვერვალებიდან თავბრუდამხვევი სისწრაფით მოექანებოდა ზვავები.ზეცას ლოკავდა ტყეებიდან ავარდნილი ცეცხლის ალი...

   ერთხმად რეკავდა დედამიწის ყველა სამრეკლო:

ადამიანებო,გამოფხიზლდით! გამოფხიზლდით! გამოფხიზლდით!

 

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით და ძალისხმევით ტრადიციული  ლიტერატურული კონკურსი  ,,ოდეონი“ წელს მე-14 გაიმართა.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ლინა ბარათაშვილი, იზა ბუაჩიძე – პედაგოგი, ფილოლოგი, მარინე ვეფხვაძე – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ეკა მელქაძე – ისტორიკოსი, კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგი, ვალერი გოგნაძე – პოეტი.

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით,   ლიტერატურული თეატრის დიდი მეგობარის,  ღირსეული ხარაგაულელის დახმარებით და თანადგომით  ოდეონელთა ნაშრომები წიგნად გამოიცემა.

 

ნანახია: 1231 - ჯერ