სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/5566asfd5sfgweffzxcvc.jpg

ხარაგაული ახალი სამწლიანი პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტია

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) პრეზენტაციას დაესწრო.

ხარაგაული 8 წარმატებულ მუნიციპალიტეტთან ერთად ახალი სამწლიანი პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტია.

აღნიშნული პროექტის კონცეფციას და მიზანს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და შერჩეულ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჯარო ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესება და ადგილობრივი და ეროვნული ჩარჩოს დახვეწა წარმოადგენს.

ახალი სამწლიანი პროექტის ფარგლებში შერჩეულ 8 მუნიციპალიტეტს შორის ხარაგაული, ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაცემული დადებითი შეფასებების და მათთან წარმატებული თანამშრომლობის საფუძველზე მოხვდა.

პროექტის პრეზენტაციისას , ხარაგაულის მერმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში და მუნიციპალიტეტის მაგალითზე ადგილობრივი ფინანსების მართვის სფეროში აქამდე მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო საჭიროებებზე ისაუბრა.

ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს შედეგზე ორიენტირებულ, გენდერულად სენსიტიურ და მონაწილეობით საბიუჯეტო პროცესებს ადგილობრივ დონეზე.

ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე, გერმანიის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, ლიდია ქრისთმანი და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ნანახია: 824 - ჯერ