სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd5g5as5dg5sg.jpg

მამუკა ჭიპაშვილმა საკრებულოს წევრებს კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

 მამუკა ჭიპაშვილმა ანგარიშის  წარდგენისას, როგორც კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ვრცლად ისაუბრა ხარაგაულის კულტურის ცენტრის, ისტორიული მუზეუმის, ლიტერატურული თეატრის, ხალხური შემოქმედების სახლის და ხარაგაულის  ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

საკრებულომ კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა.

გთავაზობთ ანგარიშის სრულ ვერსიას.

მოგახსენებთ რომ ა(ა)ი.პ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი შეიქმნა   2018 წელს, რომელშიც გაერთიანდა ხარაგაულის კულტურის ცენტრი, ისტორიული მუზეუმი, ლიტერატურული თეატრი, ხალხური შემოქმედების სახლი და ხარაგაულის  ცენტრალური ბიბლიოთეკა.

ორ წლიანი პანდემიური შეფერხების შემდეგ 2022 წლიდან დღემდე აღნიშნული ცენტრი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს და არა ერთი საინტერესო, ახალი პროექტი და ღონისძიება  შეთავაზა ხარაგაულის მოსახლეობას.

2022 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 840 ათასი ლარით, რომელშიც შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 726 119 ლარი, შშმ პირთა რესურსებზე ( უსინათლოთა პროგრამის ფარგლებში) 12 ათასი ლარი, საქონელი და მომსახურების მუხლში გაიხარჯა 94 ათასი ლარი. ტრანსპორტის მომსახურებაში გაიხარჯა  14 ათასი ლარი და სხვა (კომუნალური ხარჯები და სხვა საჭიროებები)

ძალზე დატვირთული გამოდგა გაზაფხული -ზაფხულის პერიოდი ხარაგაულის კულტურის მოყვარულთათვის. ამ პერიოდის განმავლობაში არა ერთი საინტერესო ღონისძიება განხორციელდა. ხარაგაულის საბიბლიოთეკო ქსელში ამოქმედდა პროექტი „მოძრავი ბიბლიოთკა“, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დასაქმებული პროგრამის ფარგლებში დანიშნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების დახმარებით თვეში ორი დღე გამოიყო და სოფლებში ცხელი ხაზის საშუალებით საბიბლიოთკო მომსახურება ხორციელდება წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების სახლში მიტანით პენსიონრებზე, შშმ პირებზე და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე.

ზაფხულის განმავლობაში ათამდე ღონისძიება- კონცერტი გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტ „მოძრავი წიგნების“ ფორმატში, რომელშიც ხარაგაულელ პოეტებთან ერთად  ახლადშექმნილი ხარაგაულის კვარტეტიც იღებდა მონაწილეობას.

კვლავ წარმატებით გამოვიდა ქუთაისის თეატრალურ ფესტივალზე ხარაგაულის თეატრი, რომელთა პრემიერამ „მაცეკვე ტანგო“ არა ერთი ჯილდო დაიმსახურა. პრემირა ამჯერად ხარაგაულში გაიმართა და მაყურებლის მოთხოვნით დასმა სპექტაკლი რამდენჯერმე გაიმეორა.

ხარაგაულის კინოთეატრში საინტერესოდ წარიმართა ანსამბლ „უბისისა“ და თელავის ანსამბლ „ შილდას“ ერთობლივი კონცერტი.

ასევე მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა პროექტმა „ხუმრობენ ხარაგაულელები“ , რომელშიც მონაწილეობა მიიღო მან-სან-კანის სამმა თაობამ.

აღსანიშნავი გახლდათ ხარაგაულის მოცეკვავეთა ანსამბლ „მთიელისა“ და მარნეულის ცეკვის ანსამბლის ერთობლივი კონცერტი, რომელიც კინოთეატრში გაიმართა.

ხარაგაულის ლიტერატურულმა თეატრმა მთელი წლის განმავლებაში არა ერთი საინტერესო ღონისძიება შემოგვთავაზა. მათ შორის გამოსარჩევია პოეტ ტარიელ ხარხელაურის საღამო, რომლის პრემიერაც ხარაგაულში გაიმართა. სპექტაკლი ასევე ნაჩვენები გახლდათ თბილისში. ასევე აღნიშვნის ღირსია ორი დოკუმენტური ფილმის პრემიერა, „გალაკტიონის ნატერფალებზე“ და „ევგენი ხარაძეზე“, რომლის ჩვენებაც ხარაგაულის გარდა  აბასთუმანსა და თბილისის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა.

ლიტერატურული საღამოები ქალბატონი იზა ვეფხვაძის თეატრის ორგანიზებით ზაფხულის განმავლობაში არა ერთ სოფელში გაიმართა.

5 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა ლიტერატურული თეატრის პროექტი „ოდეონი“, წარმატებულად ჩაიარა ასევე ამავე თეატრის უკვე ტრადიციად ქცეულმა პროექტმა „გამამ“, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი მხატვრები ღებულობენ და პროექტის ფარგლებში შექმნილ ტილოებს ხარაგაულს ჩუქნიან.

ხარაგაულის თოჯინების თეატრი, ისევე როგორც გასულ წლებში, შარშანაც ახალი სპექტაკლით „იისფერა“ წარსდგა პატარა მსმენელების წინაშე. გარდა ხარაგაულის კინოთეატრისა, თოჯინების თეატრმა რამოდენიმე სოფელშიც გამართა წარმოდგენები.

აქტიური იყო გასულ წელს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, რომლებმაც არა ერთი საინტერესო ღონისძიება განახორციელეს როგორც ბავშვებისათვის, ასევე დიდებისათვის: მუზეუმის კვირეული, პატარა არქეოლოგები, მუზეუმის ღამე, ეროვნული სამოსის დღის, მოდი ღამე მუზეუმში, - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებსაც ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ახორციელებს წლის განმავლობაში.

 არანაკლებ დატვირთული და საინტერესო იყო ხარაგაულის კულტურული ცხოვრება შემდგომასა და ზამთარში. 

 გამოსაყოფია სიმღერის ანსამბლ „ოდილასა“ და ანსამბლ „ხარაგაულის ხმების“ წარმატებით გამოსვლა ზესტაფონში გამართულ ტრადიციულ „ვარინკობის“ დღესასწაულზე, სადაც გაიმართა სიმღერის კონკურსი „სულიკო-2022“ , „ხარაგაულის ხმებმა“ აღნიშნულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ანსამბლმა „ოდილამ“ ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.

მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ გამოიჩინეს თავი ხარაგაულის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ანსამბლმა „უბისმა“ და ანსამბლმა“მთიელმა“, რომლებმაც ბათუმში, თბილისსა თუ მცხეთაში გამართულ ფოლკლორის ფესტივალებზე წარმატებებს მიაღწიეს და დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

პოპულარული ინტელექტუალური თამაში “რა, სად, როდის“ ხარაგაულში არა ერთხელ ჩატარებულა. ამ პროექტის სატელევიზიო ვერსიის მსგავსი პროექტის განხორციელება ხარაგაულში შემოდგომაზე დავიწყეთ და დღესაც წარმატებულად მიმდინარეობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროექტი ხორციელდება როგორც მოსწავლეთათვის, ასევე უფროსებისათვის.

 ცალკე აღნიშვნის ღირსია ხარაგაულის იუმორისტული გუნდის „ჭირიმეს“ ტრიუმფი ქართულ იუმორისტულ  ლიგაზე. გუნდა გასულ სეზონზე შეუძლებელი შეძლო და საქართველოს ჩემპიონი გახდა, აქვე გეტყვით, რომ წელსაც წარმატებით მონაწილეობს და „ქართული ლიგის“  ფინალშია.

ხარაგაულის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გასულ წელს მოვიწვიეთ ორი თეატრალური დასი ხარაგაულში, რომელთა გამართულმა სპექტაკლებმა მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი აქტიურად იყო ჩართული                       „ ხარაგაულობის“ დღესასწაულში, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გაიმართა.

როგორც ყოველთვის დატვირთული და მრავალფეროვანი იყო საახალწლო ღონისძიებები, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

გარდა ღონისძიებებისა 2022 წელს მცირედი სარემონტო სამუშაოების ჩატარებაც მოხერხდა, შეკეთდა კინოთეატრის, საბავშვო ბიბლიოთეკისა და კულტურის ცენტრის სახურავი, შეკეთდა კინოთეატრში საცეკვაო დარბაზის იატაკი და კედლები, კინოთეატრის გარე ფასადი,  მუზეუმში დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები და სხვა მცირე სამუშაოები განხორციელდა. აქვე გეტყვით, რომ ამჟამად დასასრულს უახლოვდება მუზეუმის ჭიშკრის დამონტაჟება.

აქვე აღსანიშნავია, რომ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შემავალი ყველა ორგანიზაცია მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარითა და მასალებით.

2023 წელს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბიუჯეტი განისაზღვრა 927 ათასი ლარით, მოხდა სახელფასო ფონდის 10 პროცენტიანი მატება.  

წლევანდელი წელიც შარშანდელივით დატვირთულია უამრავი ღონისძიებით. გამოვყოფ ახალგაზრდულ ფესტივალს  „გაზაფხულის ხარაგაული“, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა კულტურული აიპია ჩართული და რომლის ფარგლებშიც უამრავი ღონისძიება გაიმართა ხარაგაულში, გასართობი, სპორტული თუ ინტელექტუალური, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მარტო საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში 23 ღონისძიება ჩატდა.

წლის ბოლომდე არა ერთი საინტერესო ღონისძიება გველოდება, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრი ამ წუთებში ემზადება მორიგი პრემიერისათვის, რომლითაც წარსდგებიან ქუთაისის თეატრალურ ფესტივალზე.

რამოდენიმე სიტყვით მინდა აღვნიშნო პრობლემებზე. დავიწყოთ ინფრასტრუქტურით:

მოგეხსენებათ საღანძილის ბიბლიოთეკა განთავსებული იყო ადმინისტრაციის შენობაში. შენობის დემონტაჟის შემდეგ ,   გადარჩენის მიზნით წიგნადი  ფონდი შევზიდეთ ბაღის შენობის ერთ ოთახში და მას აუცილებლად სჭირდება ინვენტარი, თაროები, ვინაიდან ძველი თაროები უბრალოდ აღარ არსებობს.

 სავალალო მდგომარეობაა ბაზალეთის ბიბლიოთეკისთვის დროებით გამოყოფილ შენობაში, სადაც არც ელექტროენერგიაა და არც საჭირო პირობები, თუმცა  ვიცით, რომ მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება ახალი ბიბლიოთეკის აშენების თაობაზე და ეს პრობლემა იმედია მალე მოგვარდება.

 სარემონტო სამუშაოები ჩასატარებელია ბორითის კულტურის დარბაზში,  გასარემონტებელია კიცხის სარეპეტიციო ოთახი, სადაც ანსამბლი „ოდილა“ მეცადინეობს.  დღეისათვის სავალალო მდგომარეობაშია კულტურის ცენტრის დარბაზი, სადაც თოჯინების თეატრის სივრცე უნდა განთავსდეს და რომლის მოსაწყობად არც თუ ისე მცირე ფინანსებია საჭირო, ამ კუთხით მერიაში მომზადებულია პროექტი და იმედი გვაქვს რომ მოხდება დაფინანსება. გასაახლებელია ინოვაციების ცენტრის ტექნიკაც, რომელიც ისეა მოძველებული, რომ თითქმის შეუძლებელია მასზე მუშაობა. ამ კუთხითაც მომზადებულია პროექტი და იმედი გვაქვს რომ ტექნიკის განახლება მოხდება.  აუცილებლობას საჭიროებს კულტურის ცენტრის შენობაში განთავსებული საცეკვაო სივრცის გვერდით მოეწყოს ბავშვებისათვის ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახი, შეკეთებას აღარ ექვემდებარება და გამოცვლას  საჭიროებს მუზეუმის ღობე, ასევე ხარაგაულის თეატრი საჭიროებს გარდირობის ოთახის მოწყობას, სადაც განთავსდება თეატრის ტანსაცმელები.

გარდა ინფრასტრუქტურისა პრობლემებში კვლავ მინდა ხაზი გავუსვა საბიბლიოთეკო ქსელში მომუშავეთა დაბალ ხელფასებს, ყოველწლიური ზრდის ტენდენციის მიუხედავად ჯერ ასევე დაბალია მსახიობებისა და მომღერლების სახელფასო ანაზღაურებები.  

 მინდა ტრანსპორტის პრობლემას შევეხო. გახსოთ ალბათ, დიდი ხნის წინ კულტურის სამსახურებს ჰყავდათ თავიანთი ტრანსპორტი, ავტობუსი, რომელიც უადვილებდათ ამა თუ იმ ღონისძიებასა თუ ფესტივალზე მონაწილეობას. ვიცით, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა არ არის ასე მარტივი, თუმცა ვიმედოვნებთ, მომავალში მუნიციპალიტეტი გამონახავს საჭირო თანხას, რათა ხარაგაულის კულტურას ყავდეს საკუთარი ტრანსპორტი, რაც თავის მხრივ გაზრდის სოფლებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების ინტენსიობას.

 

        კულტურისა და ხელოვნების  ცენტრი:                                            /მ. ჭიპაშვილი/

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 801 - ჯერ