სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/316056942_501975998636468_9097545446754554618_n.jpg

ხარაგაულელებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს იმერელი აზნაურის ტრაგიკული სულისკვეთება

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრმა ქალაქ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი” ითამაშა.

ხარაგაულის თეატრალური დასი ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიწვევით და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით გაემგზავრა.

სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ დიდი ქართველი დრამატურგის, დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საინფორმაციო სააგენტო alion.ge სპექტაკლთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. წერილში ვკითხულობთ:

,,ხარაგაულელებმა ერთხელ კიდევ შეგვახსენეს მწერლის მიერ გულისმომკვლელი და სევდიანი სინამდვილით ასახული, უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი იმერელი აზნაურის ტრაგიკული სულისკვეთება.  მართალია ტრაგიკული, მაგრამ მაინც ღიმილისმომგვრელი პიროვნებაა 4 გასათხოვარი ქალის მამა დარისპანი, რომელსაც კარდაკარ დაჰყავს თავისი უფროსი ქალიშვილი კაროჟნა და უნიადაგო სიამაყესა და უადგილო ტრაბახს არ იშლის.

რეჟისორ ირინა  ჩხეიძეს საინტერესოდ აქვს გადაწყვეტილი სპექტაკლის რეჟისურა. ამასვე ვიტყოდით მხატვრობაზეც. პროლოგში ბათუ კიკნაძეს საინტერესოდ გადაჰყავს მაყურებელი წარსულში და სცენზე თანდათან ცოცხლდებიან ძველ ფოტოებზე ასახული კლდიაშვილის გმირები.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ირინა ჩხეიძე(მართა ქვიტირიძისა), ლუიზა კიკნაძე (პელაგია საბელაშვილისა), ლია ჭიპაშვილი (ნატალია), ვასილ კიკნაძე(დარისპან ქარსიძე), მაია ბერაძე (კაროჟნა), ნიკოლოზ დეკანოსიძე (ონისიმე მათარაძე), დავით ჭყოიძე (ოსიკო ხარებაძე); სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება _დავით კვირიკაშვილი, ქორეოგრაფი _ზაზა ლურსმანაშვილი).

სპექტაკლის დასრულების შემდეგ თეატრის რეჟისორმა ირინა ჩხეიძემ მადლობა გადაუხადა ოზურგეთელებს, რომ გურიაში აღნიშნეს დიდი ქართველი მწერლის უკვდავი „დარისპანის გასაჭირი“, რომელიც საუკუნეზე მეტია არ ჩამოდის ქართული თეატრის სცენიდან.

სტუმრებს მიესალმნენ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი ავთანდილ სურგულაძე და ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ვასილ ჩიგოგიძე.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ ქალბატონი ირინა ჩხეიძე გაზეთ „ალიონს“ ესაუბრა.

ხარაგაულის თეატრალური ცხოვრება გასული საუკუნის დამდეგიდან იღებს სათავეს. 30-იანი წლებიდან ხარაგაულში უკვე მუდმივი დასი არსებობდა, რომელსაც 1943-47 წლებში სახელმწიფო თეატრის სტატუსი ჰქონდა. 1959 წლიდან თეატრს სახალხოს წოდება მიენიჭა.

თეატრი საერთაშორისო ფესტივალების გრან-პრის მფლობელია, წარმატებით მართავს სპექტაკლებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ბოლო წლებში თეატრმა მონაწილეობა მიიღო თურქეთში და ლატვიაში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში, 2014 წელს ბელგიაში _ქ. ბრიუსელში.

2015 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლმა „დარისპანის“ გასაჭირი“, ნომინაცია _„საუკეთესო ანსამბლური სპექტაკლი“ მოიპოვა. იმევე წელს გორში გამართულ საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალზე ნომინაცია _„საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი“ დაიმსახურა.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს და ხარაგაული მერიას ხელშეწყობისათვის _აღნიშნა ირინე ჩხეიძემ.

 

 

 

 

ნანახია: 425 - ჯერ