დღეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უფროსმა, ნანა კიკნაძემ ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსთან, თეა ბერიძესთან ერთად ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, საჯარო სკოლის დირექტორებთან, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს, მერიის ახალი სტრუქტურული ერთეულის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია.
,,ხარაგაულის მერიაში წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს განყოფილება , რომელიც სოციალური სამსახურის დაქვემდებარებაში შედის. მერიის ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ახალი განყოფილება სოციალურ მუშაკს , ბავშვთა ფსიქოლოგს და ჯანდაცვის სპეციალისტს აერთიანებს, რომელსაც კოორდინირებას , განყოფილების უფროსი თეა ბერიძე უწევს. ჩვენი საქმიანობა ბავშვის საუკეთესო ინტერების დაცვა და მისი გათვალსიწინებაა, რაც თავის თავში ასევე კონფიდენციალურობას გულისხმობს, რომელიც თითოეული ჩვენგანის მიერ დაცული უნდა იყოს“ - აღნიშნა შეხვედრაზე ნანა კიკნაძემ.
თეა ბერიძემ მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორებს თანამშრომლობისთვის და მათ განყოფილების მუშაობის პრინციპებზე, პრაქტიკაში განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე, წარმატებული ქეისებსა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
,,საქართველოს პარლამენტმა ბავშვთა უფლებათა კოდექსი 2020 წელს მიიღო, სწორედ ამ კოდექსის იმპლემენტაციის ფარგლებში გახდა აუცილებელი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შექმნილიყო ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება. ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან“- აღნიშნა თეა ბერიძემ.
თეა ბერიძის ინფორმაციით, ამ დრომდე განყოფილებამ 30 მდე ქეისი განიხილა.
შეხვედრაზე ითქვა,რომ რეფერირების მექანიზმის ეფექტურად განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა რგოლის თანაბარი ჩართულობა და თანამშრომლობა.
შეხვედრაზე კოორდინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა ასევე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ და აღნიშნა, რომ სკოლის დირექციის მხრიდან მიღებული დროული შეტყობინება ერთგვარი პრევენციაა, რომ თავიდან ავირიდოთ საფრთხე და დროული და ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.
,,მაქსიმალურად ვითხოვთ თქვენს ჩართულობას, ჩვენთან კოორდინაციას, რაც ისევ და ისევ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ იქნება მიმართული" - აღნიშნა შეხვედრაზე ნანა კიკნაძემ.