„მხიარული სტარტების“ მორიგი თამაში ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში გაიმართა. ერთმანეთს ბორითის, ვერტყვიჭალის, ნადაბურისა და ხევის საჯარო სკოლები შეხვდნენ. “მხიარული სტარტები“ ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის პროექტია, რომელშიც ხარაგაულის ყველა სკოლაა ჩართული. საინტერესო და მხიარულ თამაშებში ჩემპიონის ტიტული ხევის საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად. ვარლამ ჭიპაშვილი, მერის პირველი მოადგილე: “პანდემიის შედეგად გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სასიხარულოა რომ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს აქვთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურულ გარემო და მათ სწავლა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლაში უხდებათ. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა გამორჩეულია თავისი აქტივობებით და წარმატებებით. ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ყოველთვის იქნება სკოლის, პედაგოგების და მშობლების გვერდით, რათა გვყავდეს გონიერი, განათლებული ახალგაზრდობა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მომავლის წარმატებისა და სიძლიერის გარანტი.“ ლენა აბაშიძე, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი: „მხიარული სტარტების“ ჩატარება ძალიან კარგი ინიციატივაა. ბავშვები დადებითი განწყობით და სათანადოდ მობილიზებულები შეხვდნენ ამ პროექტს. სკოლას საუკეთესო მატერიალური ბაზა აქვს, რაც მოსწავლეების სპორტული მიღწევებისთვის ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია. ბავშვები მონატრებულები იყვნენ მსგავსი სახის ღონისძიებაში მონაწილეობას, რადგან ორი წელია, მძიმე პანდემიის გამო, ასეთი მასშტაბური ღონისძიებები აღარ ჩატარებულა.” დღესვე, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში თემატური კვირეულის ფარგლებში ამავე სკოლის მოსწავლის, წარმატებული სპორტსმენის , მადონა წიქარიშვილის ხსოვნისად მი მიძღვნილი სპორტული მარათონი გაიმართა. ტურნირში გამარჯვებული, ხევის საჯარო სკოლა, მადონა წიქარიშვილის სახელობის გარდამავალი თასით დაჯილდოვდა. ბავშვებს საჩუქრები მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა , საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით კიკნაძემ და იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ოთარ ლურსმანაშვილმა გადასცეს.