სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sa-mer_1.png

ბავშვთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა ხარაგაულის მერიის პრიორიტეტია

2021 წლის განმავლობაში ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების მიერ  სულ 16 ოჯახის ქეისზე მოხდა მუშაობა.

ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება, ფსიქოლოგთან და სოც მუშაკთან ერთად გასულ წელს, პერიოდულად ახორციელებდა ვიზიტებს ოჯახში. რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა ოჯახთან კონსულტაციები ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით.

კერძოდ, ბავშვებს უტარდებოდათ ფსიქოლოგის მიერ სეანსები, ასევე განყოფილების ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ ოჯახის ექიმთან შეთანხმებით, მამას ეძლეოდა მიმართულება არასრულწლოვნების ექიმთან გეგმიური ვიზიტებისა და სწორი კვების შესახებ.

თეა ბერიძე, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი:

,,პირობითად „პირველი ქეისის“ ოჯახში საქმე გვაქვს მარტოხელა მამის სტატუსთან, სადაც ახალგაზრდა კაცი, უეცრად სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად მარტო დარჩა. ოჯახი სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებულია. მშობელი, რომელსაც მთელი პასუხისმგებლობა უნდა აეღო ბავშვების აღზრდაზე და მოვლა-პატრონობაზე, მოულოდნელად დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. სამი არასრულწლოვანიდან, სამივე სკოლამდელი ასაკისაა.

მთელი წლის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით,  არაერთი დახმარება გაეწია „პირველი ქეისის“ ოჯახს, მაგრამ ყველაზე პრიორიტეტული მათთვის ეზოში დამხმარე ნაგებობის კეთილმოწყობა იყო, სადაც სველი წერტილები განთავსდებოდა. ამ უკანასკნელის არარსებობა გაუსაძლის პირობებში ამყოფებდა ოჯახის ყველა წევრს.“ 

როგორც თეა ბერიძე განმარტავს, განყოფილებამ ზემოთ აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე  გუნდურად იმუშავა.

 ,,სამუშაო ჯგუფში ჩართული იყო მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე, სოფლის გამგებელი კახა ლომიძე და დეპუტატი ლენა აბაშიძე. ერთობლივი გადაწყვეტილებით ოჯახს წინასაახალწლოდ დამხმარე ნაგებობის კეთილმოწყობისა და იქ სველი წერტილების მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან  თანხა ჩაერიცხა.

„პირველი ქეისის“ ოჯახი, მერიის მხრიდან მონიტორინგის ფარგლებში იწყებს ამ პრობლემის მოგვარებას, რომელიც ბავშვთა სრულყოფილი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

წლის ბოლოს, ოჯახში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, ფსიქოლოგის შეფასებით, „პირველი ქეისის“ ოჯახში ფსიქო-ემოციური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. მამა უკვე უმკლავდება ბავშვების მოვლა-პატრონობას. ერთი არასრუწლოვანი, რომელსაც ქონდა გადაადგილების პრობლემა, ახლა თავისუფლად დადის.ბავშვები დადიან საბავშვო ბაღში და, რაც მთავარია, მძიმე სტრესული ფონი, რომელიც იყო დედის გარეშე დარჩენილ ოჯახში, ნაწილობრივ მოხსნილია. მადლობა ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, რომ დღეს, მუნიციპალიტეტში პრიორიტეტი არის ბავშვთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა.”

ფოტოზე: სოც მუშაკი სოფიო ხიჯაკაძე და ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე „პირველი ქეისის“ ოჯახში ერთ-ერთი ვიზიტის დროს.

ნანახია: 1189 - ჯერ