სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/180838899_3937929829624780_944316189847325526_n.jpg

როგორ არის ჩართული ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა ვაქცინაციის პროცესში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია პანდემიის პირობებში მოსახლეობის სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად და ვაქცინაციის პროცესში მათი აქტიურად ჩართვისთვის სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს.

სოციალური პროგრამის ფარგლებში, მოქალაქის ოპერაციის,სამედიცინო მომსახურების, კვლევის და მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას დაემატა პუნქტი, რომელიც კოვიდის და კოვიდის შემდგომი გართულებების მკურნალობისას, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, მედიკამენტების შესაძენად - 150 ლარამდე თანხის გაცემას ითვალისწინებს.

ვარლამ ჭიპაშვილი, მერის პირველი მოადგილე: ,,რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, ზოგადად სოციალური ფონი ხარაგაულში არ არის სახარბიელო, ამას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ პანდემიაა ქვეყანაში და მსოფლიოში. მინდა გითხრათ, რომ სოციალური მიმართულებით ცხრა თვის ხარჯები ნამდვილად არის გაზრდილი სხვა პერიოდთან შედარებით. რატომ? პასუხი მარტივია, ახლა პანდემიაა და არავის დაავიწყდეს რომ დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს ყურადღება და ვერავინ ერთ მაგალითსაც ვერ დაასახელებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას რაიმე პოლიტიკური ნიშნით ვიხელმძღვანელეთ. შესაბამისი კომისიის მიერ ფასდება ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია ოჯახს.კობა ლურსმანაშვილისთვის, როგორც მერისთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი სოციალური მიმართულება და ამ კუთხით ჩვენ მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცადეთ თითოეულ ოჯახამდე მივსულიყავით და მათი საჭიროებები მოგვეცვა."

 

ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობის ინფორმირების კუთხით აქტიურად მუშაობენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მათი მონაწილეობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით ხდება ჯგუფების შედგენა და იმ მოქალაქეთა ტრანსპორტირება, რომელთაც სურვილი აქვთ ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში.

მერიაში ასევე შექმნილია სპეციალური შტაბი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის განცხადებით, ხარაგაულის მერიის სპეციალურ შტაბს მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია ინფიცირებულთა სტატისტიკის შესახებ, რომელიც ყოველდღიურად ახლდება. აქტიურად და მთელი დატვირთვით მუშაობს ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ მათ შორის,სწრაფი და პისიარ ტესტების აღებაზე.

სამედიცინო პერსონალის გადაადგილებისთვის მერიის მიერ უზრუნველყოფილია სატრანსპორტო მომსახურება. ხარაგაულის მერია კონტაქტზეა კოვიდ ინფიცირებულთა ოჯახებთან და ახდენს მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას. რეკომენდაციის ფარგლებში მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა პირადად მისცეს მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვის მაგალითი.

ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მერიის სპეციალური შტაბის წევრები უკავშირდებიან ინფიცირებულებს და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებენ. კორონა ვირუსი მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ არის, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა უნდა ჩავერთოთ, და, გავაცნობიეროთ , რომ მის წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი მხოლოდ დროული ვაქცინაცია არის.“

ნანახია: 723 - ჯერ