სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0032.jpg

,,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ ხარაგაულში 20 ათასი დოლარის ღირებულების სათემო პროექტებს განახორციელებს

,,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ ხარაგაულში სათემო პროექტის განხორციელების მიზნით, 20 ათასი დოლარის ღირებულების გრანტს შემოიტანს.

 პროექტის ,,მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება“  მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველყოფის და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებით.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პაატა შარაშენიძემ შეხვედრაზე , რომელიც მერის პირველ მოადგილესთან ვარლამ ჭიპაშვილთან და  მოადგილესთან დავით დევდარიანთან გაიმართა პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.

 ვარლამ ჭიპაშვილი: ,,ჩვენ მივესალმებით ასეთი ინიციატივების და წინადადებების შემოტანას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში , პროექტის ფარგლებში მოსახლეობა თავად  გადაწყვეტს  რა სახის პრობლემა დგას მათ თემში. ჩვენთვის  მნიშვნელოვანია,  მიგრანტების დაბრუნება  და მათი სოფლად დამაგრება. მერია მოახდენს პროექტების თანადაფინანსებას ტექნიკური, ადამიანური თუ ფინანსური რესურსით და საერთო ჯამში, უზრუნველვყოფთ, რომ პროგრამა მოსახლეობის ინტერესზე იყოს  მორგებული  და საბოლოდ ის შედეგი მივიღოთ, რასად მიზნად დავისახავთ."

 შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ამ ეტაპზე სოფლებში მთავარი პრობლემა  წყალი, ჭაბურღილების მოწყობა  და წყლის სისტემის მოწესრიგებაა. პრობლემის ლეგიტიმაცია კვლევით მოხდება. კვლევა  იმ სოფლებში ჩატარდება, რომელიც საპილოტედ შეირჩა.

დავით დევდარიანი:  ,,თუ  ორგანიზაციის მიერ  ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ერთ- ერთი მაღალი მაჩვენებელი  იმ პრობლემას აქვს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, მასზე მუშაობას დავიწყებთ და შესაბამის პროექტს განვახორციელებთ. როდესაც ემიგრანტები ბრუნდებიან , მათ ელემენტარული ყოფითი პირობები არ აქვთ, მართალია ბოლო 15 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა , მაგრამ სოფლის დონეზე პრობლემები კვლავ რჩება.“

პროექტი - ,,მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“, დაფინანსებულია მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

 

ნანახია: 1239 - ჯერ