სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0001.jpg

შშმ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციისა და ზრუნვის პროგრამით ათმა ბენეფიციარმა ისარგებლა

უკვე შვიდი წელია, სოფელ ლახუნდარაში მცხოვრები 11 წლის ანდრია კვანტრიშვილი ხარაგაულის მერიის შშმ პირ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციისა და ზრუნვის პროგრამით სარგებლობს.

ანდრიას დედას, დარეჯან კავილაძეს, დღეს მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ  კურორტ ახტალაში, შვილის  სამედიცინო-სარეაბილიტაციო პროცედურების ჩატარებისთვის 720 ლარიანი საგარანტიო გადასცა.

ანდრიას ცერებრალური დამბლის სინდრომი აქვს და ყოველწლიურად სპეციალური გამაჯანსაღებელი თუ სამედიცინო პროცედურები ესაჭიროება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

 სოციალური რეაბილიტაციისა და ზრუნვის პროგრამის ფარგლებში 0 წლიდან-18 წლამდე შშმ პირის სტატუსის მქონე ბავშვებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო პროცედურებისა და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი კურსების ჩასატარებლად 1200 ლარი ერიცხებათ.

დარეჯან კავილაძე: აღნიშნული სერვისის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ოჯახისთვის, ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. თითქმის 7 წელია, რაც მუნიციპალიტეტის მერია  გვიფინანსებს სხვადასხვა სახის სამედიცინო პროცედურებს, ყოველწლიურად დაგვყავს ანდრია კურორტ ახტალაში, რაც საუკეთესო შედეგს გვაძლევს.

 ანდრიას ცერებრალური დამბლის გარდა სხვა დაავადებებიც ახლავს. მუნიციპალიტეტის მერიისგან არაერთხელ გვიგვრძვნია მხარდაჭერა, თავიდან განცდებით მოვედი, მეუხერხულებოდა დაფინასების მოთხოვნა, მაგრამ აქ ისეთი თბილი სიტუაცია დამხვდა ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა და ამდენი წლის მანძილზე მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობ.

 აღსანიშნავია, რომ მსგავსი სერვისი ბევრ მუნიციპალიტეტში არ მოქმედებს.

პროფესიით ფარმაცევტი ვარ,  როდესაც ამ დაავადების შესახებ გავიგე, ფსიქოლოგია დავამთავრე და ახლა  შშმ პირ ბავშვებთან ვმუშაობ."

ნანა კიკნაძე:  აღნიშნული პროგრამით დაახლოებით 18 ბენეფიციარი სარგებლობს, თუმცა ზოგჯერ ეს ციფრი იცვლება. აღნიშნული მიმართულებით დაახლოებით 40 000 ლარამდე იხარჯება ბიუჯეტიდან. ყოველთვის ვცდილობთ, ყურადღების მიღმა არ დარჩეს არცერთი მოქალაქე ვისაც ეს დახმარება ესაჭიროება, რათა შევუმსუბუქოთ ცხოვრების პირობები და ხელი შევუწყოთ სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შშმ პირთა დახმარების პროგრამა 48 000 ათასი ლარით არის განსაზღვრული. ქვეპროგრამა მოიცავს 18 წლამდე ასაკის შშმ პირების სამკურნალო და სარეაბილიტაციო კურსს, წელიწადში 1200 ლარის ფარგლებში, ასევე კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარის ელემენტით უზრუნველყოფას 1000 ლარამდე, ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს იმ შშმ პირის ყოველთვიურ დახმარებას 30 ლარით, რომელიც საჭიროებს მომვლელს და არ არის სოციალური შემწეობის მიმღები. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ასევე შშმ პირთათვის ღონისძიების მოწყობა.

მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამით 10 -მა ბენეფიციარმა ისარგებლა, გასულ წელს 25 -მა.

 

ნანახია: 1292 - ჯერ