პრემიერა შედგა. ხარაგაულის თეატრი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ,,იმერული რექვიემი“ წარსდგა.
თანამედროვე დრამატურგის რეზო კლდიაშვილის პიესაზე რეჟისორი ირინე ჩხეიძე თეატრალური დასთან ერთად 4 თვის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მუშაობდა.
ხარაგაულელ მაყურებელთან ერთად პრემიერას, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, პიესის ავტორი, რეზო კლდიაშვილი და თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლევან როხვაძე ესწრებოდნენ.
სპექტაკლის დასასრულს კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა ხარაგაულის თეტრალურ დასს და ქალბატონ ირინე ჩხეიძეს.
,,მინდა მადლობა გადავუხადო ხარაგაულის თეატრალურ დასს და ქალბატონ ირინე ჩხეიძეს , აღფრთოვანებული ვარ, მე ვფიქრობ ის ნიჭიერება, რომელიც ხარაგაულს აქვს სრულად გამოვლინდა დღეს ამ სცენაზე. ესა რის ჩვენი სულის , ჩვენი გულის ნამდვილი გამოძახილი. მინდა წარმატებები ვუსურვო დასის თითოეულ წევრს, თითოეულ თქვენთაგანს და წარმატება ვუსურვო ხარაგაულს.“
თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლევან როხვაძემ ხარაგაულის მერს მადლობა გადაუხადა თეატრის მიმართა გამოხატული მხარდაჭერისადმი და აღნიშნა ,რომ დასის წევრები ყურადღებას ნამდვილად იმსახურებენ.
ლევან როხვაძე: ,,დარბაზი სავსეა ოვაციებით, რომელიც ჩვენ ასე გვენატრება, ისევ გაცოცხლდა თეატრი და გილოცავთ. ხარაგაულის თეატრს სიხარულით ველოდებით იმერეთის მე-12 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც სიურპრიზები ელოდებათ.“
განსაკუთრებული ემოციების მატარებელი იყო პიესის ავტორის რეზო კლდიაშვილის სიტყვა:
რეზო კლდიაშვილი:
,,სპექტაკლი ,,იმერული რექვიემი“ 8 წელიწადია სრული ანშლაგით მიდის ახმეტელის თეატრში, მინდა გითხრათ, რომ ის სპექტაკლი, ისე მიყვარდა და ისე ვიყავი მიჩვეული, რომ არც მქონდა სურვილი სხვაგან დადგმულიყო. აი ახლა ვიდექი და თურმე ეს ისეთი პატრიოტული სპექტაკლი ყოფილა, ფინალმა შემშალა, ცრემლები წამომივიდა, გაოგნებული ვარ, ეს რა დასია და ეს რა მსახიობებია, მთელი ჩემი ცხოვრება მოვდიოდი ხარაგაულში და ვერ მოვაღწიე და აი ამ სიბერეში ჩამოვედი და თურმე ამ დღეს უნდა მოვსულიყავი.
ძალიან კარგები ხართ , მომენატრებით ძალიან, 19 ში ქუთაისში წარსდგებით , რომელიც ჩემი მშობლიური ქალაქია და ამ სპექტაკლს ძალიან დიდი ინტერესით ელოდება. მე ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა ვიამაყოთ ხარაგაულის თეატრით. ვერ გეტყვით , რომ არ ვარ განებივრებული, კარგი სპექტაკლებით , მაგრამ დღევანდელმა სპექტაკლმა შოკში ჩამაგდო.“
სპექტაკლი ,,რექვიემი“ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბინადრებზეა. 90 იან წლებში როდესაც საავადმყოფო დაიხურა ეს ადამიანები გარეთ თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. გადარჩენისთვის ყველამ სხვადასხვა გზა აირჩია. სპექტაკლის მანძილზე სხვადასხვა პიროვნული ტრაგედიების მომსწრეები ვხდებით.
სპექტაკლი მხატვრულად გაიოზ შუბითიძემ გააფორმა, მუსიკალურ მხარეზე ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე მუშაობდა.
სპექტაკლით ,,იმერული რექვიემი“ ხარაგაული , 19 ივნისს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება.
წინასამპრემიერო ჩვენება ხარაგაულში რეგულაციების მკაცრი დაცვით გაიმართა.