სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/190004056_221469962815982_2811431823331028507_n%20(3).jpg

რა ეტაპზეა დაბა ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი

ხარაგაულის მერი,კობა ლურსმანაშვილი  ,,შ.პ.ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ზემო იმერეთის და რაჭის რეგიონის ფილიალის უფროსს მამუკა ქვათაძეს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერს, ტარიელ ავალიშვილის შეხვდა და დაბა ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტის პირველი და მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები კიდევ ერთხელ განიხილა.

დაბა ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგების პროექტის  პირველი ეტაპი ლეღვნის სათავე ნაგებობიდან სოფელ დიდვაკეში, საღანძილესა და დაბა ხარაგაულში  შემომავალი წყლის 14-კილომეტრიან  მაგისტრალის  სრულ რეაბილიტაციას, ასევე სატუმბი სადგურის და ახალი რეზერვუარის მოწყობას, კორპუსების შიდა გაყვანილობის აღდგენას და  მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანებას ითვალისწინებს. 

კობა ლურსმანაშვილი: პროექტირება და ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია, ზოგ ლოკაციაზე მუშაობა დაწყებულია, ცენტრალური მაგისტრალის გარდა შეიცვლება ადგილობრივი ქსელები.  დაბის ტერიტორიაზე გვექნება  წყლის მიწოდების ახალი რეზერვუარები და ალტერნატიული ჭაბურღილები, საიდანაც კრიზისების დროს გადართვა მოხდება და უზრუნველყოფილი იქნება წყლის მიწოდების უწყვეტი რეჟიმი. ჩვენი ერთობლივი მუშაობის მიზანი  ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგებაა. შესაძლებელია მოსახლეობას ჰქონდეს გარკვეული დისკომფორტი სამუშაოების წარმოების პროცესში, მაგრამ  ეს მართული პროცესი იქნება, ყველანაირად ვეცდებით სამუშაო პროცესების გამო ქუჩებში მდგომარეობა გაუსაძლისი არ გახდეს.

შეხვედრაზე  პასუხი გაეცა სოციალურ ქსელში მოსახლეობის გამოთქმულ მოსაზრებებს წყლის რაოდენობის კლებასთან დაკავშირებით.

მამუკა ქვათაძემ აღნიშნა , რომ წყალი მოსახლეობას იგივე რაოდენობით მიეწოდება და დეფიციტი მხოლოდ მოხმარების გაზრდის გამო შეინიშნება.  

მამუკა ქვათაძე: ,,ბატონი კობას თხოვნით, ერთად გავიარეთ ის საკითხები თუ რისი გაკეთება შეიძლება , რომ წყალზე  მოთხოვნის გაზრდის გამო გამოწვეული ცვლილება მოსახლეობამ არ იგრძნოს. არის გარკვეული გზები, რომელზედაც ვმუშაობთ, რომ მოსახლეობას ზაფხულის განმავლობაში წყალი გრაფიკის გარეშე მიეწოდოს.“

კობა ლურსმანაშვილი:

კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრის , კონსტრუქციულად  ვმუშაობთ  წყალმომარაგების კომპანიასთან და რეგიონულ ხელმძღვანელთან ერთად. ვიცი დღეს მოსახლეობის უმთავრესი კითხვაა, როდის მოიხსნება გრაფიკი წყლის მიწოდებაზე , ზაფხული რთული გვექნება და კიდევ უფრო გაიზრდება მომხმარებელთა რაოდენობა, რასაც მომზადებულები უნდა შევხვდეთ.  ამიტომ მაქსიმალურად შევეცდებით ამ პერიოდში დამატებითი რესურსი გავაჩინოთ, რომ მოქალაქეებს, წყლის გრაფიკის გამო პრობლემა არ ჰქონდეთ.  სწორედ ამას ემსახურებოდა  დღევანდელი შეხვედრა. ვფიქრობთ წყალმომარაგების კომპანიასთან შეთანხმებით დროებითი ღონისძიება გავატაროთ, რაც გულისხმობს ახალი ქსელის  პროექტის დასრულებამდე ჩართვას, რაც მოგვცემს საშუალებას ზაფხულში წყლის მიწოდების დრო და ხარისხი გავაუმჯობესოთ. აღნიშნულ თემაზე საუბარი გვქონდა  ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის ილია ბეგიაშვილის დონეზე და სხვა პასუხისმგებელ პირებთან, რაზედაც პასუხი უახლოეს დღეებში გვექნება.

ხარაგაულის მერი , კობა ლურსმანაშვილი ჭარბი წყლის წარმოქმნის შემთხვევაში, სოფელ თეთრაწყაროს და ლაშის გარკვეული ნაწილის წყლით უზრუნველყოფის თეორიულ შესაძლებლობასაც განიხილავს და ამისთვის პრაქტიკულ გზებს ეძებს.

კობა ლურსმანაშვილი: ,,სამომავლოდ განვიხილავთ საკითხს , მივაღწიოთ ტექნიკურ და სამართლებრივ შეთანხმებას და წყლის კომპანიის მომსახურების არეალს დაემატოს სოფელ თეთრაწყაროს და ლაშის ნაწილი, თუ წყალმომარაგების კომპანიასთან ამაზე შეთანხმებას ვერ მივაღწევთ განვიხილავთ  მეორე ვარიანტს, რომელიც ამ  ორი სოფელის სასმელი წყლით უზრუნველყოფას ჩვენი მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული წყლის სისტემიდან  მოიაზრებს.“

საერთო  ჯამში,  დაბა ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის პირველ ეტაპზე 3  917 000  ლარი  დაიხარჯება.პროექტის მეორე ეტაპი  სექტემბერის თვეში დაიწყება და 2 585  372  ლარი დაიხარჯება.  

წლის ბოლოს ხარაგაულის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში ექნება.

პროექტი  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა  და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  კოორდინირებით  ხორციელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი ექსპლუატაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა.

ინფორმაციისთვის,

დაბა ხარაგაულის წყალმომარაგება ორი სათავიდან ხორციელდება:  სოფ. ლეღვნის სათავე ნაგებობაზე განთავსებული მიწისქვეშა წყლის წყალმიმღები გალერეა, სადაც იკრიბება მიწისქვეშა წყალი და ხდება დაბისთვის თვითდინებით მიწოდება, ხოლო მეორე სათავე ნაგებობა ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ტრერიტორიაზე მდებარეობს ერთი უმოქმედო დრენაჟის ტიპის წყალმიმღები და ერთი მოქმედი ჭაბურღილი, საიდანაც სატუმბო სადგურის მეშვეობთ ხდება ახალი აშენებული საავადმყოფოსთვის და მიმდებარე მოსახლეობისთვის წყალის მიწოდება.

ხარაგაულის სერვის ცენტრის ბილინგის ბაზაში ამჟამად  1009 ფიზიკური და 124 იურიდიული აბონენტი ფიქსირდება. 1009 ფიზიკური აბონენტიდან 744 გამრიცხველიანებულია, ხოლო 265 სულადობრივი აბონენტია. იურიდიული პირების 100 % გამრიცხველიანებულია.  სოფ საღანძილეში დაფიქსირებულია 42 აბონენტი, ხოლო სოფელ დიდვაკეში 85.

 

ნანახია: 241 - ჯერ