ჯერ მხოლოდ 6 წლისაა, თუმცა უკვე კითხვა იცის და რაც ყველაზე მთავარია ზღაპრებსაც წერს.
ანა ჭუმბურიძე, უკვე პირველი ზღაპრების წიგნის ავტორია. პატარა მეზღაპრეს დღეს ფართო აუდიტორიასთან პირველი შეხვედრა ჰქონდა.
,,დღევანდელ დღეს მოუთმენლად და სიხარულით ელოდა. ეს იყო მისი პირველი შეხვედრა ფართო აუდიტორიასთან. ძალიან თავისუფლად და აქტიურად გრძნობდა თავს. იმღერა, მოჰყვა ლექსები, ზღაპრები. დღევანდელი დღისთვის სპეციალურად დაწერა ზღაპარი. ძალიან მოეწონა სიტუაცია და კითხულობს შემდეგი შეხვედრა ბავშვებთან როდის იქნებაო?“ - გვაიმბობს ანას ბებო, იზა ვეფხვაძე, რომელიც ამავდროულად რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატრული თეატრის დირექტორი , რეჟისორი და მსახიობი გახლავთ.
ანას და ბავშვების შეხვედრა ა(ა)იპ ხელოვნების და კულტურის ცენტრის ინიციატივით, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, საბავშვო ბიბლიოთეკაში შედგა.
,,4 წლის იყო პირველად რომ მიამბო ზღაპარი ჭიანჭველაზე.ბაღში იის ფოთოლზე ჭიანჭველა უნახავს. მოვიდა და ძალიან ემოციურად შეთხზა ლამაზი ამბავი. ულამაზესი ზღაპარი იყო. მე ვუთხარი რომ ამ ლამაზ ამბავს ჩავიწერდი. ის დღე იყო და დაიწყო ყოველდღე ულამაზესი ამბების - ზღაპრების თხრობა და დაჟინებით მთხოვდა ჩამეწერა. ასე დაგროვდა ძალიან ბევრი ზღაპარი. ყველა ამბის ბოლოს, აუცილებლად აკეთებდა დიდაქტიკურ, თავისებურ დასკვნას თანატოლებისთვის. დიდხანს ვფიქრობით მე და ანას მშობლები გამოგვეცა თუ არა წიგნად, მეგობრების დაჟინებული თხოვნით გამოვეცით და მე მას სიყვარულის წიგნი დავარქვი“- გვიამბობს იზა ვეფხვაძე.
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პედაგოგი მაია მაღრაძე , მოსწავლეებთან ერთად ანასთან შესახვედრად სიხარულით ემზადებოდა.
მაია მაღრაძე: ,, ულამაზესი დღე საბავშვო ბიბლიოთეკაში, რომელშიც წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. გიმნაზიის მე- 2 კლასის მოსწავლეები ვმონაწილეობდით. ეს დღე ეძღვნებოდა ანა გოგოს ზღაპრების პრეზენტაციას. მადლობა საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებს საინტერესო იდეისათვის, მადლობა ქალბატონ იზას უსაყვარლესი ანოსათვის და მადლობა თვით ანა ჭუმბურიძეს , საოცარ, ულამაზესსა და უნიჭიერეს გოგოს. ანას შემოქმედება განმსჭვალულია სიკეთითა და ზნეობრივ- აღმზრდელობითი ხასიათის ზღაპრებით, რაც ნამდვილად კარგი ,,საკვებია ‘ მომავალი თაობისათვის. ანას შემოქმედება მოვლენაა, ვუსურვებ მას, უდიდეს წარმატებასა და იმ მწვერვალის დაპყრობას, სადაც ოქროს ასოებით აწერია სიტყვა ,, ბედნიერება”.
ანას პატარა ლექსებზე მუსიკა დაწერეს დალი მერაბიშვილმა და კომპოზიტორმა მაყვალა ხორბალაძემ. ეს სიმღერებიც, ნოტებით, წიგნში შევიდა. ანას ყველა ზღაპრისთვის ძალიან ცნობილმა მხატვრებმა ექსკლუზიურად შექმნეს ნახატები. ინგლისში მოღვაწე ქართველმა მთარგმნელმა,რომელიც ანას ზღაპრებს ინტერნეტში გამუდმებით უსმენდა, ზღაპრები ინგლისურ ენაზე თარგმნა. წიგნის გარეკანი ზაალ სულაკაურმა დახატა. წიგნის თანადამფინანსებელია ქართველი ებრაელი, ოჯახის უახლოესი მეგობარი ბატონი პაატა იოსებაშვილი. ასე შეიქმნა უამრავი კეთილი ადამიანის სურვილით და სიყვარულით ანა გოგოს ზღაპრების წიგნი.