სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/165971757_3047473095499843_5155115049163035981_o.jpg

ხარაგაულში, გადაუღებელი წვიმების შედეგად დაზიანებული გზა სპეციალისტებმა დაათვალიერეს

სტიქიის შედეგად ბაზალეთი-ხარაგაულის გზაზე შექმნილ მდგომარეობას დღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპროექტო სამსახურის უფროსი დავით კალაძე ამავე სამსახურის წარმომადგენლებთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
დავით კალაძის ინფორმაციით, სამსახურმა უშუალოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილისგან მიიღო დავალება ადგილზე შეესწავლათ ხარაგაულში სტიქიით შექმნილი ეს კონკრეტული მდგომარეობა.
კალაძე განმარტავს, რომ პირველადი სამუშაოები, რაც დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს, არის მდინარის კალაპოტის შეცვლა, რათა შეწყდეს კედლის გამორეცხვა და პროცესი დროებით შეჩერდეს. შემდეგი ნაბიჯი პროექტის მომზადება და აღნიშნულ ადგილზე ახალი საყრდენი კედელის აშენებაა.
“პროცესი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში კედელმა გადაიწიოს და გზის ნაწილი ჩაიყოლოს. გვაქვს კოორდინაცია შესაბამის სამინისტროსთან და მინისტრის მოადგილეებთან, რომელთაც გუშინვე ვაცნობეთ შექმნილი მდგომარეობა და დღეს უკვე ჯგუფი ადგილზე ახდენს ტექნიკურ დათვალიერებას. ცხადია არსებული პროცესის აღმოფხვრა და სამუშაოების დაგეგმვა დაკავშირებულია ფინანსებთან და დროსთან, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დავიწყეთ. გავიარეთ კონსულტაციები და გვაქვს მხარდაჭერის იმედი. უახლოეს დღეებში დაიგეგმება მდინარის კალაპოტის სამუშაოები. ამის შემდეგ მომზადდება კედლის აშენების პროექტი. ჩვენ გვაქვს ექსტრემალურ ვითარებაში პროცესის მართვის კარგი გამოცდილება და ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა მალე იქნება აღმოფხვრილი. რაც შეეხება ამ დროის მდგომარეობას, აღნიშნულ გზაზე გადაადგილების პრობლემა არ არის, თუმცა მოქალაქეებს ვურჩევთ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ,”- აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
დღესვე, ბაზალეთი-ხარაგაულის გზაზე შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს რკინიგზის სალიანდაგო დეპარტამენტის საინჟინრო ნაგებობების ცენტრის წარმომადგენლები, რადგან ზემოთ აღნიშნული გზა მდებარეობს ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარედ.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარკინიგზო ხაზს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თუ პროცესი დროულად არ შეჩერდა, მომავალში ამის საშიშროება დადგება.

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად, ხარაგაული-ბაზალეთის დამაკავშირებელ გზაზე ბზარი გაჩნდა.

ნანახია: 2069 - ჯერ