სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0008_1.JPG

ახმედ გოგოლაძის წიგნის პრეზენტაცია

5 მარტს ხარაგაულში იზა ვეფხვაძის წიგნის „ხარაგაულის მსახური-ახმედ გოგოლაძე“ პრეზენტაცია გაიმართა. 

იზა ვეფხვაძემ თავის საავტორო რიგით მეცამეტე წიგნზე მუშაობა ახლხანს დაასრულა. 

თუ ძველი ხარაგაულის ფოტო ისტორია გინახავთ, ხარაგაულის წარსულში გიმოგზაურიათ, ფოტოებიდან
ხარაგაულის ძველი არქიტექტურა, ქუჩები და შენობები გახსოვთ, მაშინ აუცილებელია იცოდეთ, რომ ეს უნიკალური ფოტო არქივი ხარაგაულს, ახმედ გოგოლაძემ შემოუნახა. 
 მათ შორის, ხარაგაულის მერიის ოფიციალურ Facebook გვერდზე არაერთხელ განგვითავსებია ახმედ გოგოლაძის მიერ გადაღებული ფოტოები და გაგვიცოცხლებია ხარაგაულის წარსული.
 დღეს, ხარაგაულში ახმედ გოგოლაძის წიგნის პრეზენტაცია შედგა, რომელზე მუშაობა, სულ ახლახანს დაასრულა ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ და წიგნს ასე უწოდა - „ხარაგაულის მსახური - ახმედ გოგოლაძე“
 იშვიათია ასე დაახასიათო ადამიანი, როგორც ახმედ გოგოლაძეს მისი მეგობრები, ნაცნობები, შთამომავლები, მეზობლები და უბრალოდ ხარაგაულელები ახასიათებენ.
„ხარაგაულის სინამდვილეში ახმედი დიდი კაცი იყო, არის და იქნება“ - ამბობს იზა ვეფხვაძე თავის წიგნში, სადაც ყველა დიდი სიყვარულით იხსენებს მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ახმედ გოგოლაძეს!
 წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ხარაგაულის სამკითხველო დარბაზში თითქმის ორი საათი გაგრძელდა ახმედ გოგოლაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
 განსაკუთრებული სიყვარულით მოეფერა, დღეს, ხარაგაულის საზოგადოება ახმედის უმცროს ვაჟს ანდრია გოგოლაძეს და შვილიშვილს- ბარბარე გოგოლაძეს.
 გაიხსენეს მეზობლებმა, მეგობრებმა, ნაცნობებმა, მაგრამ დიდი კაცის ცხოვრებაზე, მის მოღვაწეობაზე, სხვადასხვა ცნობებზე, აქამდე უცნობ და საინტერესო ისტორიებზე ყველაზე ვრცლად ისაუბრა ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ, რომელმაც ერთ წიგნად შეკრა ყველა ეს მოგონება და უნიკალური ცნობები დაუტოვა მომავალ თაობას!
 
ნანახია: 243 - ჯერ