სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0745.JPG

საღანძილეში საბავშვო ბაღი აშენდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში, სადაც სკოლამდელი განათლების დაწესებულება არასდროს ყოფილა, ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საბავშო ბაღის მომსახურებით, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, საღანძილის თემის 5 სოფელი ისარგებლებს.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ბაღის გახსნამდე დარჩენილია შენობაში ინვენტარის შეტანის და განთავსების საკითხი, რომლის შეძენაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იგეგმება.

პანდემიის პირობებში, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის გახსნა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმება.

მერის წარმომადგენელი საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა კიკნაძე ამბობს, რომ საღანძილის თემიდან აღსაზრდელები დაბა ხარაგაულის საბავშვო ბაღში დადიოდნენ, ახლა ეს პრობლემა აღარ იქნება და ბავშვები ადაპტირებულ გარემოში მიიღებენ სკოლამდელ განათლებას.

სკოლამდელი განათლების დაწესებულების მშენებლობა სოფელ საღანძილეში, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 700 000 ლარით დაფინანსდა.

ნანახია: 2034 - ჯერ