სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98.jpg

რა გაკეთდა ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში

დღეს პარასკევია და ამჯერად მოგიყვებით რა გაკეთდა ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ვახანის ადმინისტრაციული ერთეული ჩხერიმელას ხეობაში, მდინარე ვახანის წყლის მარცხენა მხარეს, ხარაგაულიდან 18 კილომეტრში მდებარეობს.
ვახანის თემში გაერთიანებულია სოფლები სერბაისი, ვახანი და ზედუბანი.
ტოპონიმ „ვახანის“ შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: სოფელს ხშირად ესხმოდნენ თავს თურქები. ერთ-ერთი შემოსევის დროს ხალხს დაუძახნია: „ვაი, ხანი ისევ მოდისო“ და სოფლის სახელწოდება ვახანი აქედან წარმომდგარა. სწორედ ამიტომ გადმოჰყურებს სოფელს ვახანის ციხე, სადაც დიდ ქართველ მეფეს, დავით აღმაშენებელს ღამე გაუთევია.
ადმინისტრაციულ ერთეულში არის, ასევე, ორი ულამაზესი სოფელი: სერბაისი, რომლის სახელიც სოფელში არსებულ რამოდენიმე ერთმანეთისაკენ მზირალ სერს უკავშირდება, რომლებიც თითქოს ერთმანეთში ბაასობენო. ზედუბანი კი დიდ გორაზეა გაშენებული და მას „ზედა უბანს“ უწოდებდნენ, საიდანაც მისი ახლანდელი სახელწოდება „ზედუბანი“ წარმოიშვა.
მაშ ასე, რა გაკეთდა ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2013 წლიდან დღემდე?
სოფელ ვახანის ცენტრში, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც გათვლილია 25 აღსაზრდელზე, დასაქმებულია 6 ადგილობრივი.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახანის ცენტრალურ გზას 2 500 მეტრზე.
გამოეყო ფართი და გადაეცა საჭიდაო ინვენტარი სოფელში არსებულ ქართული ჭიდაობის ჯგუფს. ტრადიციულად „ვახანლობის“ დღესასწაულზე გამართული კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ღია ცის ქვეშ, სოფლის ცენტრში მოეწყო ინფრასტრუქტურა.
სოფლის ცენტრალური გზის მეწყერულ მონაკვეთზე, რომელიც დიდთოვლობისა და ძლიერი წვიმების შედეგად, ფაქტობრივად, გაუვალი ხდებოდა მოეწყო გაბიონი და დაიგო ბეტონის საფარი.
აშენდა ორი ახალი ხიდ-ბოგირი, სოფელ სერბაისში.
დასრულდა სოფელ სერბაისში ცენტრალური გზაზე ბეტონის საფარის დაგება.
ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სტიქიით დაზიანებული გზები მოიხრეშა.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახანი-ქვების დამაკავშირებელ ხიდს, მდინარე ვახანულაზე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სერბაისში და ვახანში ელაზნაურისა და სახერხის უბნებში მოიხრეშა და მოიტკეპნა საუბნო გზები.
კეთილმოეწყო სარიტუალო სახლი სოფელ სერბაისში
მობეტონდა ვახანის-წყლიდან სოფელ ვახანამდე მისასვლელი გზა.
შეკეთდა მხატრიშვილების უბნიდან ცუცქირიძეებისა და სოფ. ქვების დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზა.
ამ ეტაპზე სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სოფელ ვახანში ორი წყლის სათავე ნაგებობა და გარე განათების სისტემა ეწყობა.
ასევე, სოფელ სერბაისში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მოეწყობა ბეტონის გზა, გარკვეულ მონაკვეთზე.
ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში 2020 წლის მონაცემებით შვიდასამდე ადამიანია რეგისტრირებული.
ნანახია: 1580 - ჯერ