საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%AC%E1%83%A4.jpg

ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

მიმდინარე წელს ეს უკვე შეხვედრების მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე მერი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თებერვალში შეხვდა.

ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივ მაცხოვრებლებს ღია, თავისუფალ სივრცეში ხვდება და სხვა საკითხებთან ერთად კოვიდ 19-ის  საფრთხეებსა და რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრება.

მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების ფონას, წიფას, გუდათუბნისა და გოლათუბნის მთავარ გამოწვევად საუბნო და ცენტრალური გზების რეაბილიტაცია და ტყის რესურსის გამოყენება სახელდება.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს და 2021 წელს დასრულდება ძირულა-მოლითი-ჩუმათელეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომლითაც ზემოთ აღნიშნული ოთხივე სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

 გარდა ამისა, მთის ფონდის დაფინანსებით 2020 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულდება სოფელ გოლათუბანში ე.წ სხევრის უბანში და სადგური წიფის უბანში, საერთო ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 კმ-მდე გზას.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ხაზგასმით დააყენა საკითხი სამგზავრო მატარებლის ზესტაფონი-ხაშურის აღდგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რადგან ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობისთვის ეს ტრანსპორტი ერთადერთი და საციცოხლოდ მნიშვნელოვანია.

ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით, სამგზავრო მატარებლის აღდგენამდე მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა, რომლითაც დაფინანსდება სოფლის მოსახლეობის გადაადგილება კვირაში ერთხელ ქალაქის მიმართულებით.

მაღალმთიანი სტატუსის მქონე ოთხ დასახლებაში, კანონით დადგენილი შეღავათებით 218 ოჯახი სარგებლობს.  

ნანახია: 2570 - ჯერ