საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/69640098_424070278464674_2835279706486472704_n.jpg

უნიკალური სოფელი ხარაგაულში - სოფელ ფარცხნალზე ფილმს იღებენ

 ხარაგაულში, სოფელ ფარცხნალზე ფილმის გადაღება მიმდინარეობს, რომელსაც კინოსტუდია ,,პიონერფილმის" ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე თავის აღსაზრდელებთან ერთად იღებს. ფილმის გადაღების იდეა ბატონ გრიგოლს მას შემდეგ დაებადა, როცა იზა ვეფხვაძის წიგნი ,,ფარცხნალი კორიფეთა სამკვიდრო" წაიკითხა, სადაც სოფელ ფარცხნალზეა მოთხრობილი. სოფელზე, რომელმაც ქართულ მეცნიერებასა და ხელოვნებას უდიდესი კორიფეები აღუზარდა. დიდი ხნის ოცნება იყო ფარცხნალზე დოკუმენტური ფილმი გადაეღო ქალბატონ იზასაც. იდეები ერთმანეთს დაემთხვა და ფილმის გადაღებაც დაიწყო.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით ხარაგაულში ჩამოდის ორი უცხოელი, რომლებმაც იციან სოფელ ფარცხნალის უნიკალურობის შესახებ და სურთ დაათვალიერონ სოფელი და მისი ღისშესანიშნაობები. მათ მეგზურობას უწევს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე. აცნობს სოფლის ისტორიას, იმ სახელოვან ადამიანებს, რომლებიც ამ სოფელში გაიზარდნენ.
ფილმის სცენარები გადაიღეს: ევგენი ხარაძის, არჩილ ხარაძის, რუსუდან და ანა ხარაძეების სახლში, კიტა ბუაჩიძის ეზო-გარემოში, გადაიღეს ასევე,  დიდი გალაქტიონ ტაბიძის დარგული ცაცხვი და სახლი, სადაც ის ფარცხნალში მასწავლებლობის დროს ცხოვრობდა. გარდა ამისა ფილმის სიუჟეტი გადაიღეს კახორის სალოცავზე და სხვა ღისშესანიშნავ ადგილებში. ფილმში მონაწილეობას იღებენ ხარაგაულელი ახალგაზრდებიც, რომლებიც  იმერულ სიმღერებს ასრულებენ.
ფილმის რეჟისორი და ოპერატორი, „პიონერფილმის" პრეზიდენტი 16 წლის მარიამ(მაშო) გიგილაშვილი გახლავთ „ვიცოდი ხარაგაულის შესახებ და ყოველთვის მინდოდა ჩამოსვლა, დამაინტერესა ფილმმა, რომელიც უნდა გადამეღო და კიდევ უფრო დამაინტერესა იმან, რომ ისეთ ქალბატონთან უნდა მქონოდა ურთიერთობა, როგორიც იზა ვეფხვაძეა. ვფიქრობ, რომ ფილმი ძალიან კარგი გამოვა"-გვეუბნება მაშო გიგილაშვილი.
იზა ვეფხვაძე ამბობს, რომ ფილმის სიუჟეტი ისე დაიგეგმა აუცილებლად უნდა ჩამოსულიყვნენ უცხოელები, რადგან ამას გარკვეული მიზანი ქონდა. ლიტერატურული თეატრის რეჟისორის ინფორმაციით ფილმს უცხოელები თავიანთ ქვეყანაში თანატოლებს ჩაუტანენ და აჩვენებნ როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში, ყველფერი ეს კი ხარაგაულის და კერძოდ სოფელ ფარცხნალის პოპულარიზაციისთვის კეთდება.  
ფილმის გმირები, ებრაელი- ლეონ შავიტი და გერმანელი- ნინა ზინგერი „პიონერფილმის" აღსაზრდელები არიან და კინოხელოვნებას ეუფლებიან. დიდი შთაბეჭდილებებით და განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით მოხიბლული ნინა ზინგერი სურვილს გამოთქვამს მომავალში აუცილებლად კიდევ ჩამოვიდეს ხარაგაულში.
ფილმის გადამღები ჯგუფი მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ კულტურის და ხელოვნების ცენტრი. უნდა აღინიშნოს, რომ ფილმს ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძე საკუთარი ხარჯებით იღებს. პრემიერა კი, სავარაუდოდ ნოემბერში, ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ ხარაგაულში გაიმართება.

ნანახია: 9545 - ჯერ