საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjncvncvb_1.jpg

კენკროვანი კულტურების პროექტში ხარაგაულიდან 16 ბენეფიციარი ჩაერთო

2019 წელს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროექტ „დანერგე მომავალი“-ის ფარგლებში ახალი ქვეკომპონენტის კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება დააფინანსა.

სოფლის მეურნეობის ხარაგაულის საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლის, ნათია ბერაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ხარაგაულიდან 16 ფიზიკური პირი დაფინანსდება. ხარაგაულელ ბენეფიციარებს უკვე გავლილი აქვთ ტრენინგებისა და ტესტირების ეტაპი, შემოდგომაზე კი კენკროვანი კულტურების გაშენებას დაიწყებენ. 

ხარაგაულში (მოლითი, ზვარე, საბე, კიცხი, ვარძია, ბორითი და ჩხერი) 3, 68 ჰექტარზე ბენეფიციარებმა ძირითადად ჟოლოს გაშენება გადაწყვიტეს. ორი ბენეფიციარი მაყვალს, ხოლო ერთი მოცვს გააშენებს. კენკროვანი კულტურების გასაშენებლად ნიადაგი შემოწმებულია.

მათთვის ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს პროექტში განაცხადების მიღება 1 ივნისიდან განახლდება და  31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხარაგაულის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ერთი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ მოსახლეობას და კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის საჭირო პროცედურებს აცნობდნენ.

შეგახსენებთ, რომ „კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი“ ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას, 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა- ჩათვლით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე.

იმ შემთხვევაში თუ გასაშენებელი ფართობი ნაკლებია ან მეტია 0.5 ჰა-ზე, ნერგების რაოდენობა განისაზღვრება გასაშენებელი ფართობის პირდაპირ პროპორციულად 0.5 ჰა-სთან მიმართებით.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას და შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას იმ პოტენციური ბენეფიციარებისათვის, რომლებიც სრულად წარადგენენ სააგენტოში პირველ ეტაპზე შესაბამის დოკუმენტაციას. ტრენინგების დასრულების შემდგომ ტარდება ტესტირება შესწავლილ საკითხებში.

 

ნანახია: 9278 - ჯერ