საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/gjkl%2Cbjnk%2Cdfg_1.jpg

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ზვარეს მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა

ზვარეში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, დღეს, ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოლითი-ზვარეს ამორტიზებულ გზას, რომელიც სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში ჩინურმა კომპანიამ დააზიანა. მოსახლეობამ, ასევე, ისაუბრა ზვარე-ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბით სარგებლობაზე, რაც იქაური მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესაუბრნენ ჩინურ მხარეს და მიაღწიეს შეთანხმებას, რომ გზას რეაბილიტაციას თავად ჩაუტარებენ. რაც შეეხება სოფლის ცენტრალურ და საუბნო გზებს, ვიდრე ბეტონის საფარის მოწყობა დაფინანსდება, მოსახლეობამ გარკვეული მონაკვეთების დროებით შეკეთება მოითხოვა, რაზეც ვიცე მერმა განაცხადა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, უმოკლეს დროში მოგვარდება მათი პრობლემა. არჩილ მაღღაძემ სოფლის ცენტრალური გზის მობეტონებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზვარე მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია და სასოფლო გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის თანხა მთის განვითარების ფონდიდან უნდა გამოიყოს.

შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, ზვარე-ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბით სარგებლობის საჭიროებაზეც. მერის მოადგილემ, თემურ ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ის პირადად ესაუბრა ჩინურ მხარეს, რომელთანაც შედგა შეთანხმება შემდეგზე: სოფელში იქნება ერთი საშვი, რომელიც ექნება მერის წარმომადგენელს და განსაკუთრებულ შემთხვევებში ისარგებლებენ აღნიშნული გვირაბით.

ნანახია: 5657 - ჯერ