საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0503.JPG

ნიკოლოზ თოფურიძემ ხარაგაულის მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა

ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მოსახლეობას 2018 წელს გაწეული მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში ჩააბარა.

მერმა მუნიციპალიტეტის მთავარ პროექტებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ხარაგაულს აღებული აქვს განვითარების მკაფიოდ გამოხატული კურსი და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ.

„არასდროს მითქვამს, რომ პრობლემები არ რის და ყველაფერი კარგადაა, არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაქვს აღებული. ხელისშემშლელი ფაქტორებით, მაგრამ მაინც წარმატებით ხორციელდება პროექტი „გზა ყველა სოფელს“ და ჩვენ მივიღეთ კიდეც სურათი, ბოლო ორი წლის განმავლობაში 50-მდე სოფლის მობეტონებული გზა. 2018 წელს დავიწყეთ და წელსაც სრული დატვირთვით გაგრძელდება პროექტი „წყალი ყველა სოფელს“. სოციალური მიმართულებით, ოპერაციების თანადაფინანსებაზე მაღალი მომართვიანობის გამო ერთჯერადი დახმარებები ვერ გავეცით. ვიცით, რომ ეს ძალიან ცუდია და ამიტომ გავზარდეთ სოციალური ბიუჯეტი 2019 წელს. დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშიებით რომ პრობლემებია, ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ და ეს პრობლემები ბევრ მუნიციპალიტეტშია. ამ საკითხზე აქტიურად ვთანამშრომლობთ სამხარეო ადმინისტრაციასთან, დავსხედით კიდეც მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომელშიც მეწარმეებიც მონაწილეობდნენ. ვფიქრობთ, რომ ხარაგაულში ახლა მიმდინარე პროექტები, მარტში უკვე დასრულებული იქნება“- აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

მერმა ანგარიშის წარდგენის დროს ვრცლად ისაუბრა ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებაზე და აღნიშნა, რომ ხარაგაული არის ნიჭის ბუდე და კულტურული ცხოვრების კიდევ უფრო მაღალ დონზე წარმოჩენისთვის ამ სფეროს ყველაზე დიდი ხელშეწყობა ჭირდება.   

ნიკოლოზ თოფურიძემ ერთი წლის ანგარიში პრეზენტაციის სახით წარუდგინა ხარაგაულის მოსახლეობას, სადაც მოკლედ მიმოიხილა მერიის სამსახურების საქმიანობა. ხაზი გაუსვა ახალგაზრდების დასაქმებას და მათ ეფექტიან ჩართულობას მართვაში.

მოხსენებითი ნაწილის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მერმა დარბაზიდან დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა, რომლებიც, ძირითადად, მოსახლეობის მხრიდან დაბაში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა.

ხარაგაულის მერი წლიური ანგარიშის ჩაბარებას ადმინისტრაციულ ერთეულებში 22 იანვრიდან დაიწყებს.

ნანახია: 6007 - ჯერ