საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/161293165_3038820853031734_1388765973196123441_o.jpg

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის საერთო კრებების ჩატარება დასრულდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საერთო კრებების ჩატარება დასრულდა.

დასკვნით შეხვედრებს, რომელიც საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის ექვს სოფელში ჩატარდა, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი დაესწრო.

მოსახლეობამ სოფლისთვის საჭირო მცირე პროექტები თავად შეარჩია, რომელიც პრიორიტეტულობის მიხედვით განსაზღვრა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 79-ივე სოფელში შედგა საერთო კრება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 890 000 ლარი მიიღო მცირე პროექტების დასაფინანსებლად, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იქ, სადაც ლოკალური პრობლემების აღმოსაფხვრელად გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდეს თანხების დამატება. ეს კი, საერთო ჯამში, იმას გულისხმობს, რომ სოფლის მცირე პროექტებზე მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.

ვფიქრობ, რომ აღნიშნული პროგრამის აღდგენა იყო სწორი გადაწყვეტილება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი. პროექტების განხორციელება გაზაფხულზე დაიწყება და მიმდინარე წელს ყველა მათგანი დასრულდება,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

სოფლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტები ასე გამოიყურება:

საღანძილე - 12 000 ლარი - ჭანკოტაძეების და ბაკურაძეების საუბნო გზის მობეტონება და გურგენიძეების საუბნო გზის მოხრეშვა;

სხლითი - 10 000 ლარი - გზის შეკეთება კაციტაძეების და ტოროშელიძეების უბანში, ხიდის შეკეთება კაციტაძეების უბანში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის გაწმენდა გასწორება;

ზარანი - 10 000 ლარი - წისქვილის შეკეთება და არსებული გარე განათების გაგრძელება;

ვანი - 10 000 ლარი კალათოურის უბანში სასაფლაოს გზის მობეტონება და ეკლესიის უბანში გზის გაწმენდა გასწორხაზოვნება;

ჯაფაროული - 10 000 ლარი - გზის გასწორხაზოვნება ქვედა უბანში და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა;

ჩხერი - 12 000 ლარი გზის შეკეთება- მოხრეშვა, ხიდის შეკეთება მესხიშვილების და ცხოვრებაძეების უბანში.

ნანახია: 1977 - ჯერ