საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/20210311_170919.jpg

ხარაგაულის  კლინიკა   პაციენტებს  მაღალკვალიფიციურ  მომსახურებას  სთავაზობს - ინტერვიუ კლინიკის დირექტორთან, გიორგი ამურველაშვილთან

ხარაგაულის  რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრი  მრავალპროფილურ  საქმიანობას   დაუბრუნდა.  კლინიკა  ბოლო  ერთი  თვეა,   აღარ  ემსახურება   კოვიდპაციენტებს  და  ამიტომ მუშაობას  ჩვეულ  რეჟიმში  განაგრძობს.   მოსახლეობას   შესაძლებლობა  აქვს,  24 საათის განმავლობაში მიიღოს  საჭირო  მომსახურება  და    ჩაიტაროს   მათთვის  სასურველი გამოკვლევები.   აქ მომუშავე  მედიცინის  ჯგუფი  შედგება   სხვადასხვა    დარგის  სპეციალისტებისგან, რომლებიც  ერთად  ქმნიან პაციენტის  გამოჯანმრთელებისთვის საუკეთესო  პირობებს.    საავადმყოფოს დირექტორი  გიორგი ამურველაშვილი   გახლავთ,  რომელსაც  სამედიცინო  განათლება  აქვს  და  წლების  განმავლობაში მუშაობს  სხვადასხვა  კლინიკებში  ხელმძღვანელ  პოზიციებზე. თამამად  შეიძლება  ითქვას, რომ იგი ნამდვილად გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით,  კვალიფიკაციითა  და  პაციენტებთან  ურთიერთობის  მაღალი  კულტურით.

როგორ  მიმდინარეობდა  კლინიკაში   კოვიდპაციენტების მკურნალობა,  ჰქონდა  თუ  არა  რაიმე  გართულებებს  ადგილი  და  რა  სერვისებს  სთავაზობს  ამჟამად  სამედიცინო  დაწესებულება  პაციენტებს,  ამის  შესახებ  გიორგი  ამურველაშვილს  პირადად  ვესაუბრეთ.

-გასული წლის ოქტომბრიდან  2021 წლის 15 თებერვლამდე ხარაგაულისა  და  ბორითის  სამედიცინო  ცენტრი მუშაობდა კოვიდინფიცირებულებთან.  ამ პერიოდის განმავლობაში მივიღეთ 179 პაციენტი, როგორც   ხარაგაულიდან, ასევე სხვადასხვა ქალაქიდან.   ჩვენი გუნდი  დაუღალავად და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა  თითოეულ მათგანს, თუმცა  იყო გართულებებიც, ასეთ  შემთხვევაში  კი  რეფერირებას  ვახდენდით  შესაბამის  კლინიკაში. სამწუხაროდ,  ერთ შემთხვევაში  დაფიქსირდა  პაციენტის გარდაცვალება.

უნდა  აღინიშნოს, რომ  კოვიდპაციენტების  მართვის საკითხში ერთ-ერთი  საუკეთესოები  გახლდით,   ამის  თქმის  უფლებას  მაძლევს  არაერთი  მადლიერი  პაციენტი,  რომლებიც  საჯაროდ   გამოხატავდნენ ამ  ყველაფერს. ჩვენი  მხრიდან კი მათ  ნამდვილად  არ  აკლდათ  ყურადღება,  უზრუნველყოფილი  იყვნენ როგორც  საკვებით, ასევე მედიკამენტებით.

უსაფრთხოების  მიზნით, ყოველკვირეულად  ხდებოდა  მედპერსონალის  ტესტირება  და  ამ  დრომდე  კლინიკაში ინფიცირების არც ერთი   შემთხვევა არ  გვქონია.  ზოგადად, ამ ეტაპზე ხარაგაულში ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა  ამან არ  უნდა გაგვათამამოს, აუცილებლად  უნდა  დავიცვათ  რეკომენდაციები  და  ვატაროთ  პირბადე.

-ბატონო გიორგი,   როდესაც   სამედიცინო  დაწესებულება  კოვიდცენტრად  გადაკეთდა, იყო თუ  არა  შესაძლებელი   ამბულატორიული  მომსახურება?

-გარკვეულ  ეტაპზე  ამბულატორიული  მომსახურება  ვერ  ხერხდებოდა, რადგან ყოველივე ეს საკმაოდ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. თუმცა,     მოსახლეობის დიდი  მომართვიანობის გამო, იანვრიდან,   წინასწარი  ჩაწერით, რეგულაციების სრული დაცვით, პაციენტებს  შესაძლებლობა  ჰქონდათ,   ამბულატორიული  მომსახურება  მიეღოთ.  ამ ეტაპზე  კლინიკა ჩვეულ  რეჟიმში  განაგრძობს  მუშაობას და  იმედს  გამოვთქვამ, უახლოეს  მომავალში  მაქსიმალურად  დაიტვირთება. თამამად  შემიძლია  ვთქვა,  რომ  მოქალაქეებს  ადგილზე  შეუძლიათ  მიიღონ  სამედიცინო  კონსულტაციები  წამყვან სპეციალისტებთან.  ჩვენთან  ყველა საჭირო  ამბულატორიული  და   დიაგნოსტიკური კვლევების  უმრავლესობა  ტარდება.

-გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით.

-არ ვიცი, როდის და რა ტიპის ვაქცინა შემოვა, თუმცა  ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე  მედპერსონალი აიცრება.  აქვე გეტყვით, როგორც რიგითი მოქალაქე და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი,  ვაქცინას აუცილებლად  გავიკეთებ. ამაში  ცუდს ვერაფერს  ვხედავ, პირიქით-  თუ  გვინდა, ცხოვრების  ჩვეულ  რიტმს  დავუბრუნდეთ,   ეს  ნაბიჯი  ყველამ  უნდა  გადადგას. არ  ახსოვს  ისტორიას,  რომელიმე  პანდემია  ვაქცინაციის  გარეშე  დამარცხებულიყოს  და  დღეს  ცოტა  გაურკვეველია,  რატომ არის  ამ  საკითხის  მიმართ  ასეთი  სკეპტიკური  დამოკიდებულება.

-გვესაუბრეთ  კლინიკაში  არსებულ   სერვისებზე, რამდენად  გამართულად  მუშაობს    სამედიცინო  დაწესებულება.

-საქართველოს მასშტაბით, ხარაგაულის საავადმყოფო ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და საერთაშორისო სტანდარტის ნორმებს შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში  უკვე  სამი  წელია,   ფუნქციონირებს  რეანიმაციული განყოფილება,  სადაც განთავსებულია მაღალტექნოლოგიური აპარატურა, მათ შორის,   სასუნთქი აპარატი და მონიტორული სისტემა. გარდა  ამისა,  პაციენტებს    ადგილზე  შეუძლიათ,   მიიღონ   ქირურგიული, თერაპიული, ასევე გეგმიური და გადაუდებელი სერვისები,  ასევე კვირაში  სამი დღე  ექოსკოპიური  გამოკვლევები გაიკეთონ. აქვე აღვნიშნავ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს, პირველ რიგში, აუცილებელია  დროული დიაგნოსტიკა. ამიტომ, როდესაც  ადგილზე ასეთი  თანამედროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულებაა, სხვაგან წასვლაზე არ უნდა ვიფიქროთ. აქ მომუშავე მედპერსონალი ორიენტირებულია  პაციენტების  ჯანმრთელობასა და  კეთილდღეობაზე, რითვისაც    მადლობა  მინდა,  გადავუხადო  თითოეულ მათგანს.   

- როგორც  ვიცით,  კლინიკაში  ოპერაციებიც  ტარდება. კონკრეტულად  რა  სახის  ქირურგიული  მომსახურებაა  შესაძლებელი?

- დიახ, ჩვენს   კლინიკაში  წარმატებით  ტარდება სხვადასხვა  სახის  ქირურგიული  ოპერაციები, (ბრმანაწლავი,  თიაქარი, თვალი, გლანდები) რომლებსაც   თბილისიდან მოწვეული  სპეციალისტები ატარებენ.  გვაქვს  კეთილმოწყობილი  საოპერაციო ბლოკი, სადაც   მაქსიმალურად  დაცულია  პაციენტის  უსაფრთხოება.  ოფთალმოლოგიურ  ოპერაციებს  აკეთებს  ბ-ნ საშა  ალექსიძე, რომელიც   ამჟამად რესპუბლიკურში ოფთალმოლოგიური  ცენტრის     ხელმძღვანელია.  არაჩვეულებრივი  ქირურგები არიან  ვახტანგ  მატარიძე,    ლევან  კობახიძე  და  მალხაზ  ბურნაძე, მათ  ამ  სფეროში  მუშაობის  საკმაოდ  დიდი  გამოცდილება  აქვთ  და თავისი  საქმის  პროფესიონალები  არიან.  უნდა  აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ოპერაციები  ტარდება   საყოველთაო  ჯანდაცვის  პროგრამის  ფარგლებში  და,   უმეტეს  შემთხვევაში,  პაციენტები   სრულად  ფინანსდებიან. 

-სამედიცინო  დაწესებულების  თანამშრომლებს  რამდენიმე  თვის  სახელფასო  დავალიანება ჰქონდათ.   ამ  მიმართულებით  რაიმე   ცვლილებები  ხომ  არ  განხორციელდა?

-სახელფასო  დავალიანება   წლებია,  მოგვყვებოდა და  ამ საკითხის  მოსაგვარებლად  აქტიურად  მუშაობდა  რეგიონალური  ჯანდაცვის  ცენტრის  ხელმძღვანელი  ნუგზარ  ბოლქვაძე.  რამდენიმე  ხნის  წინ ეს  პრობლემა  აღმოიფხვრა  და  მედპერსონალს  სახელფასო დავალიანება  აუნაზღაურდა.  აქვე  დავამატებ, რომ  კოვიდპაციენტებთან მუშაობის  პერიოდში,  თანამშრომლები  გაცილებით   მაღალ ანაზღაურებას  იღებდნენ,  ვინაიდან მათ ურთულეს  პირობებში  უწევდათ  საქმიანობა  და  მისასალმებელია,  რომ  სახელმწიფომ ამ   ადამიანების  მიმართ  ყურადღება  გამოიჩინა.

 -რას  ეტყოდით  პაციენტებს?

-ჩემთვის ყველა  პაციენტი  ძვირფასია.  ვცდილობ,   მათ ისე  ვესაუბრო,  როგორც  ჩემი  ოჯახის  წევრს,  დავეხმარო  და,  შეძლებისდაგვარად,   გვერდით  დავუდგე.  გულწრფელად  გეტყვით, რომ  კლინიკიდან  წასული მადლიერი ადამიანი   დიდ  სტიმულს  მაძლევს,   კიდევ  უფრო  შემართებით  ვემსახურო  იმ  საქმეს, რომელიც  მეტად  საპასუხისმგებლოა, მაგრამ ამავდროულად  ძალიან საინტერესო. აუცილებლად  ვითვალისწინებ  ყველა  კომპონენტს,   რომელიც საზოგადოების   საჭიროებებზეა  ორიენტირებული.  ჩემი მიზანია,  ხარაგაულის მოსახლეობა  მაღალი  სამედიცინო მომსახურებით იყოს უზრუნველყოფილი და გვყავდეს, რაც შეიძლება,   ბევრი  კმაყოფილი  პაციენტი.  კლინიკაში  კი  ამისთვის ყველა  სამედიცინო რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალია.

 

 

ნანახია: 3170 - ჯერ