საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/158629136_3032879546959198_689388758724723164_o.jpg

რვა მარტი ხარაგაულის მაღალმთიან სოფელში, სადაც მხოლოდ სამი ქალბატონი ცხოვრობს

35 წელია აქ ვცხოვრობთ და ასეთი რვა მარტი არ გვახსოვს“ - ეს სიტყვები მაღალმთიან სოფელ პატარა სახვლარში გვითხრეს, სადაც ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინიციატივით ავედით და სოფელში მცხოვრებ სამ ქალბატონს რვა მარტი მივულოცეთ.
 არ გველოდნენ, გაუკვირდათ, ცოტა დაიბნენ კიდეც, მაგრამ გაეხარდათ და ემოციებს ვერ მალავდნენ.
 ნინო სამხარაძე, რომელიც ბოლო ორი წელია ქალაქიდან გადმოსახლდა და პატარა სახვლარში მარტო ცხოვრობს, ასევე, მერი გოგოლაძე ოთხი შვილის დედა და მაია თათარაშვილი მეუღლესთან ერთად - ეს ქალები ნამდვილი გმირები არიან. გმირობაა ცხოვრობდე სოფელში, სადაც მხოლოდ სამი ოჯახია, სადაც რთული რელიეფის გამო ფეხით ან ცხენით უნდა გადაადგილდე. სოფელში, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს, ცხოვრობდე და სოფელს სტატუსს უნარჩუნებდე!
 „მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აქ არასდროს მოსულა, ჩვენთან არც შეხვდრები იმართება და არც სტუმარი მოდის. ელექტროენერგიაც მხოლოდ 2016 წელს ჩაგვირთეს და მადლობა ამისთვის ხარაგაულის მერს კობა ლურსმანაშვილს, მართლა შეუძლებელი შეძლო და ჩვენს აქ ცხოვრებას აზრი მიეცა“ - გვეუბნება მერი გოგოლაძე და სოფელში ცხოვრების ყოველდღიურობას ჭიშკრამდე გვიყვება, ჩანს ჩვენი გამოშვება ენანება.
 ხარაგაულის მუნიციპალლიტეტის მერია გილოცავთ რვა მარტს! სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ!
ნანახია: 2365 - ჯერ