საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1096.jpg

წყალაფორეთში საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდება.

ამის შესახებ კომენტარს აკეთებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, რომელიც ასევე მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მსენებლობასა და რეკონსტრუქციაზე საუბრობს. 

„პირველ რიგში წყალაფორეთის საჯარო სკოლის მშენებლობაზე ვიტყვი ახალ ინფორმაციას - გადაწყდა, რომ სოფელში სკოლის ახალი შენობა აშენდეს. თავიდან დაიგეგმა, მომხდარიყო შენობის სრული რეკონსტრუქცია, თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფუნდამეტი არ იყო მყარი.  

ადგილობრივი თვითთმმართველობა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი აქტიურად ახდენდნენ მოპლაპარაკებებს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რათა შეცვლილიყო პროექტი და სოფელში აშენებულიყო სკოლის ახალი შენობა. 

ცოტა ხნის წინ შედგა საუბარი მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, ბატონ გიორგი შენგელიასთან, რომელშიც უშუალოდ იყო ჩართული საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე და  ჩვენ ერთობლივად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ გამოყოფილი 1 800 000 ლარი მოხმარდეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობას. ეს ძალიან სასიხარულო ამბავია და მინდა წყალაფორეთის მოსახლეობას მივულოცო!

ჩვენ უკვე გვაქვს კიცხში საჯარო სკოლის ახალი შენობა, რომელიც თითქმის დასრულებულია. ახალი დაწყებითი განათლების სკოლა აშენდა ასევე ღარიხევში და ხიდარში. სამივე შემთხვევაში საუკუნოვანი შენობების ადგილზე სრულად თანამედროვე და ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობებია აშენებული. ასევე, წელს დაიწყო და წელსვე დასრულდება სოფელ ვერტყვიჭალისა და მარელისის საჯარო სკოლების კაპიტალური რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებია სკოლებში მიმდინარეობს ახალი სველი წერტილების მოწყობა და დიდი ყურადღება ექცევა ჰიგიენის ნორმების დაცვას.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ტემპი, რომელიც გვაქვს აღებული, აუცილებლად გაგრძელდება, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი ინფრასტრუქტურა ჩვენი პრიორიტეტია და ადაპტირებულ გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ახალგაზრდებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება“.

ნანახია: 2204 - ჯერ