საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0169.JPG

ხარაგაულის მერის კომენტარი მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხზე

მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხების მისაღებად, ხარაგაულის მერია ოფიციალურ facebook გვერდზე კამპანიას იწყებს სახელწოდებით

#რას_ამბობს_ხარაგაულის_მერი

ამჯერად, კობა ლურსმანაშვილი მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირებაზე საუბრობს:

„საქართველოს მთავრობის განკარგულებით შემუშავებული 2021-2023 წლების გაზიფიცირების გეგმაში, ხარაგაულიდან ექვსი სოფელი შედის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი მივანიჭეთ იმ ზონებს, სადაც ბუნებრივი აირის მაგისტრალი გაყვანილია.

მაგალითად, კიცხის ზონაზე გაზიფიცირებულია კიცხის თემი და ვარძია, აუცილებელია ბუნებრივი აირი შევიდეს წყალაფორეთში და ხიდარში. ასევე, ვმუშაობთ, რომ კიცხის ადმინისტრაციული ერთეულიდან  ჩაისვას  სოფელი ბორი.

ბაზალეთის მიმართულებით კარგი ტემპი გვქონდა და ასე გავაგრძელებთ ახლაც. ამიტომ 2021- 2023 წლის გეგმაში შედის ბაზალეთის თემის სოფლების გაზიფიცირება.

რაც შეეხება ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულს -  სოფელ ფარცხნალში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ისლარი და ახალსოფელი გამრიცხველიანებულია. შემოსულია მოთხოვნა ღუდუმექეთიდან და ლოგიკურიც არის, რომ ფაქტობრივად, თემში ერთი სოფელი რჩება და ჩვენ ამას აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას.

ასეთივე გეგმები გვაქვს ლაშის თემზეც. როგორ იცით ლაშე გაზიფიცირებულია და ვფიქრობთ, ლაშის იგორეთს და სხვა დანარჩენ სოფლებს მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება. ასე, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული გეგმის განხორციელების შემდეგ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იქნება დაბა ხარაგაულთან მიბმული ყველა ზონა, გარდა საღანძილის თემისა, სადაც მხოლოდ ჯაფაროული და ჩხერია გაზიფიცირებული.

ამავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი ჩხერიმელასა და ძირულას ხეობის სოფლების გაზიფიცირებაზე. როგორც იცით, ორივე ხეობაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ შესაძლებელია ერთდროულად ვერ განხორციელდეს ინფრასტრუქტურის განვითარება და გაზიფიცირება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ პირველივე შესაძლებლობის ფარგლებში, იქნება ეს ფინანსური თუ ტექნიკური დავაყენოთ წინადადება ცენტრალურ ხელისუფლებასთან. 

2021-2023 წლების გეგმა არ ნიშნავს უპირობოდ იმას, რომ ხარაგაულში მხოლოდ 6 სოფელი გაზიფიცირდება.  გამორიცხული არაა 2023 წლამდე კიდევ მოხდეს სხვა სოფლების დამატება, რადგან წლების განმავლობაში ნაშთების და გამოთავისუფლებული თანხების ფონზე, ეს პრაქტიკა უკვე არსებობს“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად 10 სოფელია გაზიფიცირებული.

ნანახია: 2345 - ჯერ