საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1667.JPG

პირველი პოსტ-კოვიდური პროგრამა ხარაგაულში, კურორტ ნუნისში ამოქმედდება

საქართველოში პირველი პოსტ-კოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამა კურორტ ნუნისში ამოქმედდება. 
 სწორედ ეს გახლდათ დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც ნუნისში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილსა და ბალნეოლოგიურ კურორტ ნუნისის მენეჯერს, ნინა პავლიაშვილს შორის შედგა.
 ნინა პავლიაშვილის ინფორმაციით, პროგრამას ექიმი და პროფესორი ლერი ლაფანაშვილი უხელმძღვანელებს და ის შვეიცარიის სარეაბილიტაციო ცენტრების გამოცდილებას დაეყრდნობა.
 ვარლამ ჭიპაშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობასა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარაგაულის პოპულარიზაციისთვის, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ეს ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი და ინტენსიური. 
 მერის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გააჟღერა, მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ინიციატივა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართულობით შეიმუშავა. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის იმ ბავშვების 7 დღიან სარებილიტაციო კურსს დააფინანსებს, რომელთაც გადაიტანეს კორონა ვირუსი და მათთვის გამაჯანსაღებელი პროგრამა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
 პოსტ-კოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სარეაბილიტაციო, ასევე გამაჯანსაღებელ კურსს და 7 ან 14 დღიანი ხანგრძლივობის იქნება.
 ბალნეოლოგიურმა კურორტმა ნუნისმა, რომელიც მაღალმთიან ზონაში, ულამაზეს ხეობაში მდებარეობს, პოსტ-კოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამის ასამოქმედებლად მაღალი შეფასება, სწორედ მისი ადგილმდებარეობის გამო მიიღო.
 კურორტი მაღალმთიან ზონაში, ულამაზეს ხეობაში განთავსებული, სადაც შერეული ტყეები განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებს ქმნიან. გამორჩეულად სუფთა ჰაერი, ადგილობრივი, ნატურალური ნაწარმი, ჯანსაღი გარემო და კვება, სამკურნალო წყალი და, რაც მთავარია, სრული იდიალია და სიმშვიდე შუაგულ ტყეში. ეს ის კომპონენტებია რაც პოსტ-კოვიდური მდგომარეობისთვის საჭირო და აუცილებელია.
 პროგრამის ამოქმედება 1 მარტიდან დაიწყება.
ნუნისის სასტუმრო მზადაა ბენეფიციარების მისაღებად.
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე
555 37 32 29
ნანახია: 3306 - ჯერ