საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/132427692_2095534430581474_5793613073864388732_o.jpg

ხარაგაულის მერიამ მოწყვლადი ჯგუფებისთვის 35 000 ლარი გამოყო

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხარაგაულის მერია სოციალური კამპანიისათვის 35 000 ლარს დახარჯავს.
აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს საახალწლოდ საკვები პროდუქტები გადაეცემათ.
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, პროდუქტების მიღების პროცედურებს ადგილზე გაეცნო.
ძირითადად აქცენტი გაკეთდება უკიდურესად გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებზე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე, დევნილებზე, ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილეებზე, სამამულო ომის ვეტერანებზე, მარტოხელა მშობლებსა და ხანდაზმულებზე.
 საერთო ჯამში, დახმარებას 700 ოჯახი მიიღებს და პროდუქტების ადგილზე მიტანას მერის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.
აქვე მოგახსენებთ, რომ დახმარების პაკეტი შვიდი სახის პროდუქტს მოიცავს.
გარდა ამისა, ა(ა) იპ „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელი გაერთიანება“, საახალწლო ტკბილეულს გადასცემს მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელს. საახალწლო ნობათს მიიღებენ ა(ა) იპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარები. ასევე მერიის კულტურის სამსახური გეგმავს, 15 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები წინასაახალწლოდ გაახაროს და საჩუქრები გადასცეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს, სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით მომარაგება. აღნიშნულ პროგრამაში ყველა ადმინისტრაციული ერთეული ჩაერთო და ამჯერად, საერთო ჯამში, ამ მომსახურებით 127- მა ოჯახმა ისარგებლა. მოსარგებლეთა რაოდენობა, მოთხოვნის შესაბამისად, გაიზრდება და ზამთარში საშეშე მერქნის გარეშე არავინ დარჩება.
მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს ის სიკეთე, რასაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ყველას გვესმის, რომ დღეს, პანდემიის პირობებში, გვიწევს ცხოვრება, თუმცა მჯერა, რომ ამ გამოწვევას ერთობლივი ძალებით თავს წარმატებით გავართმევთ.
აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის მერიაში მოქმედებს არაერთი სოციალური პაკეტი. ამ მიმართულებით 2021 წლის ბიუჯეტში თანხები გავზარდეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, არავინ დაგვრჩეს უყურადღებოდ და, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა ოჯახმა იგრძნოს ის კეთილდღეობა, რასაც მათთვის ხელისუფლება აკეთებს.
ნანახია: 2263 - ჯერ