კულტურა
https://new.admin.kharagauli.ge/images/333852213_718213749949033_887595665323220665_n.jpg

ხარაგაულელი მოსწავლეები ახალ პროექტებში ჩაერთვებიან

დღეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა მარინე ვეფხვაძემ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ და  კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართეს.

მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ მაღალი კლასების მოსწავლეები სპექტაკლზე „მაცეკვე ტანგო“ მიიწვია. სპექტაკლი, 27 მარტს, 15:00 საათზე, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართება.

მამუკა ჭიპაშვილმა სკოლის დირექტორებს „ახალგაზრდული ფესტივალის“ შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომელიც ხარაგაულში აპრილიდან დაიწყება და ინტელექტუალურ, სპორტულ, სათავგადასავლო და გასართობ ღონისძიებებს მოიცავს.

ფესტივალის ფარგლებში, მამუკა ჭიპაშვილის ინიციატივით, “ქართული ლიგის“ ანალოგი, „ქართული სასკოლო ლიგა“ გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა  ყველა სკოლის იუმორისტულ გუნდს ექნება.

„ქართული სასკოლო ლიგის“ პირველი ტური 3 აპრილს გაიმართება.

მამუკა ჭიპაშვილი სკოლის დირექტორებს, ასევე, ესაუბრა ახალი ინტელექტუალური თამაშის -  „რჩეული“ შესახებ. ინტელექტუალური თამაშის ფარგლებში, პირველი ტური სკოლებში გაიმართება, გამოვლინდება 27 რჩეული, რომელიც 3 გუნდად დაიყოფა და ითამაშებს შემდეგ ტურში.

შეხვედრის დასასრულს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ მოსწავლეებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სკოლის დირექტორებს ღონისძიებებში მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველყოფა სთხოვა.

აპრილის თვიდან ხარაგაულის სკოლებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გუნდურ-ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა.“ ამის შესახებ  სკოლის დირექტორებს „ტვინების ბრძოლის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ესაუბრნენ და თამაშის წესების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ჩემპიონატის პირველი ტური სკოლებში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები.  გამარჯვებული გუნდი რეგიონულ ჩემპიონატზე გაემგზავრება.

 

 

ნანახია: 903 - ჯერ