ახალი ამბები
http://new.admin.kharagauli.ge/images/1555587843-IMG_6263.jpg

პროფესიული ორიენტაციის შეხვედრა სოფელ კიცხში

15 აპრილს კოლეჯის ადმინისტრაციის წევრებმა სოფელ კიცხის საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობასთან პროფესიული ორიენტაციის შეხვედრა გამართეს და ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა - თეონა გაბუნიამ ვრცლად ისაუბრა კოლეჯის შესახებ და მოსახლეობას გააცნო ის ბენეფიტები, რომელსაც „კონსტრუქტ2“ აქ სწავლის მსურველებს სთავაზობს. მან ასევე ისაუბრა სწავლების პირობებზე, კოლეჯის ინფრასტრუქტურაზე, აკადემიურ პროგრამებსა და სწავლის დასრულების შემდგომ დასაქმების პერსპექტივებზე.  შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა და მოსახლეობის მხრიდან წამოსულ კითხვებს, რომელიც ძირითადად სასწავლო გრაფიკს, საწარმოო პრაქტიკასა და დასაქმების შემთხვევაში ფინანსურ საკითხებს ეხებოდა ამომწურავი პასუხები გაეცა. შეხვედრის დასრულების შემდგომ დარიგდა კოლეჯის საინფორმაციო ბუკლეტები და ბროშურები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო კოლეჯისა და ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტების განხილვას და მასში მონაწილეობას ღებულობდნენ; ქალბატონი მანანა ბარბაქაძე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი დავით კიკნაძე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ინგა ბერაძე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი და ბატონი გია ჩხიკვაძე - მერის რწმუნებული კიცხის თემში. საუბარი შეეხო კოლეჯის ტერიტორიაზე გაცნობითი ხასიათის ექსკურსიების მოწყობასა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან, გასვლითი ვიზიტების დაგეგმვას. როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მერია და საკრებულო რეგიონში პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათვის ყველაფერს გააკეთებს და ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭო, როგორც აღნიშნული შეხვედრების მხარდამჭერი, მაქსიმალურად იქნება ჩართული მსგავსი შეხვედრების ორგანიზების საკითხებში.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ხარაგაულის ადგილობრივ თვითმმართველობას გაწეული დახმარებისათვის. ზოგადად, მივესალმებით თვითმმართველობის მხრიდან მსგავს აქტიურობას, რადგან მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობის როლი უდავოდ მნიშვნელოვანია მოსახლების ინფორმირების კუთხით. შევთანხმდით, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“ განაცხადა კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა - თეონა გაბუნიამ

ნანახია: 2629 - ჯერ