სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/55dfasf45.JPG

იზა ვეფხვაძემ იმერეთის რეგიონში მოქმედ გიდებს ხარაგაულის ტურისტული პოტენციალი გააცნო

DMO იმერეთის ინიციატივით, ხარაგაულის  ტურისტული პოტენციალის გაცნობის და პოპულარიზაციის მიზნით, იმერეთის რეგიონში მოქმედი გიდებისთვის  ტრენინგი გაიმართა.

 

შეხვედრის სპიკერი რეზო თაბუკაშვილის სახელობის „ლიტერატურული თეატრის“ ხელმძღვანელი, მწერალი იზა ვეფხვაძე გახლდათ.

 

ტრენინგზე იზა ვეფხვაძემ   ხარაგაულის კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრა და თითოეული სოფლის ღირსშესანიშნაობები დეტალურად მიმოიხილა.

 

იზა ვეფხვაძე: „შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა. მაქსიმალურად ვეცადე მსმენელისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია ხარაგაულის ღირსშესანიშნაობებზე, მისი ბუნების მშვენიერებაზე, მრავალფეროვნებაზე, ტრადიციებსა და კულტურაზე. სათითაოდ განვიხილეთ და ვისაუბრე ტერიტორიული ერთეულების და იქ მდებარე ისტორიული ძეგლების, საფორტიფიკაციო ნაგებობების, ბუნებრივი წიაღისეულის და ბუნების შესახებ.

მსმენელები დიდი ინტერესით გაეცვნენ და დაინტერესება გამოხატეს ხარაგაულზე შექმნილი წიგნების მიმართ. დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ უმრავლესობა კარგად იცნობდა ხარაგაულს და ძალიან დადებითი ემოციებით საუბრობდნენ ხარაგაულის შესახებ. ბუნებრივია, ჩემი სამსაათიანი ლექცია-საუბარი ხარაგაულზე ისე ვერ ჩაივლიდა, რომ ხარაგაულზე და ხარაგაულელების მიერ შექმნილი ლექსები არ გამეცნო მათთვის. მსმენელებმა გამოხატეს სურვილი ტურისტულ ჯგუფებთან ერთად ეწვიონ ხარაგაულს, უფრო ახლოს გაიცნონ და ისიამოვნონ იმ მრავალფეროვნებით და ისტორიით, რომელსაც ხარაგაულის ინახავს.

ცალკე მინდა აღვნიშნო იმ არაჩვეულებრივი , საქმიანი გარემოს და ადამიანების შესახებ, რომელსაც მშვენიერი, ნიჭიერი და DMO იმერეთის  ხელმძღვანელი მარი დევიძე უდგას სათავეში.

 გუშინდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ხარაგაულს  პოტენციალი ტურიზმის განვითარების ნამდვილად გააჩნია. ვფიქრობ, ამ კუთხით სერიოზული, სიღრმისეული, კოორდინირებული და გააზრებული მუშაობაა საჭირო პროფესიონალებთან და ასევე სოფლის მოსახლეობასთან, სადაც ტურიზმის განვითარების სერიოზული პერსპექტივები არსებობს.“

 

DMO იმერეთის  ხელმძღვანელი მარი დევიძე:

„2022 წელს ჩვენ მოვიარეთ იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი, შევხვდით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, პედაგოგებს, ხელოვანებს, მუზეუმების მეცნიერ-მუშაკებს, იმ ადამიანებს რომლებიც ფლობენ დიდ ინფორმაციას და ქმნინ ამინდს მუნიციპალიტეტში. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა მუნიციპალიტეტების თვალსაჩინო წარმომადგენლების მიერ იმერელი გიდებისათვის ტრენინგების ჩატარების შესახებ. თავის დროზე ჩვენც მოვიხიბლეთ ქალბატონი იზა ვეფხვაძის გულწრფელი სიყვარულით მშობლიური ადგილების მიმართ და ამ სიყვარულის არაჩვეულებრივად გადმოცემის უნარით. დაიგეგმა და წარმატებით ჩატარდა ტრენინგი-ლექცია ხარაგაულის შესახებ და სულაც არ გაგვკვირვებია, რომ ჩვენს მიერ მოწვეული გიდებიც აღფრთოვანებული დარჩნენ მისი პრეზენტაციით.“

 

DMO იმერეთის ორგანიზებით, გიდების დაინტერესების მიზნით, შემდეგი გასვლითი შეხვედრა ხარაგაულში გაიმართება.

2023-07-05

ნანახია: 665 - ჯერ