სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/IMG_3010.JPG

კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის უხუცეს თეატრალებს მადლობის სიგელი გადასცა

დღეს ხარაგაულში თეატრის საერთაშორისო  დღე აღინიშა.

ხარაგაულის კინოთეატრში ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულის თეატრალურ დასს თეატრის საერთაშორისო დღე მიულოცა და სპექტაკლის დაწყებამდე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით თეატრის უხუცესს მსახიობებს ლუიზა კიკნაძეს, ნიკო წიკლაურს, ნიკო დეკანოსიძეს და  გაიოზ შუბითიძეს მრავალწლიანი თეატრალური მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან ერთად გადასცა.

კობა ლურსმანაშვილი:

,,დღეს არის განსაკუთრებული დღე, გვსურს ყველა თეატრალს მივულოცოთ ეს დღე. არაერთი სიხარული და ბედნიერება მოუნიჭებიათ მათ ჩვენთვის, თავიანთი განსაცვიფრებელი როლებით და წარმატებებით. ჩვენს თეატრს ჰყავს ბევრი გამორჩეული და ღირსეული პიროვნება, რომლებიც  ქმნიან თეატრის ისტორიას. დღეს ჩვენ გადავავლეთ თვალი ხარაგაულის თეატრალურ ქრონიკას და ვნახეთ თუ რამდენი შრომაა აქ  ჩადებული, რამდენი სიხარულია თაობებისთვის გაზიარებული. მინდა  მივესალმო  ჩვენ გამორჩეულ თეატრალებს, რომლებიც ყოველდღიურად რუდუნებით ქმნიან ახალ სახეებს, საოცრად შრომობენ და საოცრებებს ახდენენ სცენაზე.“

ლუიზა კიკნაძე: ,,თეატრი ჩემი მეორე ოჯახია. ჩემი ყველა როლი ძალიან მიყვარს, მაგრამ გამოვყოფ ფლორენციას, ფუფალას და ტატიანას. მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემები ჩნდება, ფარდა რომ იხსნება ყველაფერი მავიწყდება და ვცხოვრობ ჩემი გმირის ცხოვრებით. დიდი მადლობა ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს ჩვენი ღვაწლის დაფასებისთვის, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის ირინე ჩხეიძეს, ჩემი დასის წევრებს. მე მათ გვერდით ისევ ახალგაზრდა ვარ. გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს. ჩემო ხარაგაულელებო ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება თქვენი მქუხარე ტაშია სპექტაკლის ბოლოს. დიდი მადლობა ამისთვის.“

ნიკო დეკანოსიძე: ,,თეატრი ჩემთვის ყველაფერია, განათლებაც ამ მიმართულებით მაქვს მიღებული. პირველი როლი 1971 წელს შევასრულე სპექტაკლში „სად იყო ჭკუა“. მაშინ 14 წლის ვიყავი, კულტურის სამინისტრომ, მეორე ხარისხის დიპლომით დამაჯილდოვა და ამ დიპლომს დღესაც დიდი მოწიწებით ვინახავ.დღეს ხარაგაულის მერისგან  მივიღე მადლობის სიგელი 50 წლიანი თეატრალური მოღვაწეობისთვის, რომელსაც ასეთივე სიყვარულით შევინახავ. სახალხო თეატრები თუ მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადავა, ვფიქრობ მეტი პერსპექტივა ექნებათ თეატრებს, უფრო გაიზრდება საზოგადოების ინტერესი და შესაბამისად-მოთხოვნებიც. თეატრების განვითარებისთვის აუცილებელია თეატრს ჰქონდეს საკუთარი შენობა.“

გაიოზ შუბითიძე (თეატრის მხატვარი): - ,,ვფიქრობ, სპექტაკლი, რეჟისორის მსახიობების, და მხატვრის ერთობლივი მუშაობის შედეგია. თითოეულ სპექტაკლზე მუშაობა განსაკუთრებული და საინტერესოა. მიყვარს ჩემი საქმე და მადლობა ვინც ამ სიყვარულს ხედავს და აფასებს.“

სპექტაკლში ,,მაცეკვე ტანგო“ მონაწილეობდნენ: ბათუ კიკნაძე , ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ვასილ კიკნაძე. თეატრის მხატვარი - გაიოზ შუბითიძე.

დღეს, თეატრის საერთაშორისო დღეს,სპექტაკლის ჩვენება ახალგაზრდებისთვის  ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით გაიმართა.

ირინა ჩხეიძე: ,,გვსურს ხარაგაულელ ახალგაზრდებს ხარაგაულიდან გავაყოლოთ დიდი სიყვარული და დიდი ემოცია. განცდა რომ თეატრი აბედნიერებს.”

ხარაგაულის თეატრი ახალგაზრდებისთვის უფასო თეატრალურ ჩვენებას  ყოველ 27 მარტს გამართავს.

დღესვე, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სიგელები და აფიშები დაეთვალიერებინა, რომელიც თეატრის საუკუნოვან ისტორიას ასახავს.

ხარაგაულში თეატრალურ ტრადიციებს ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი და თოჯინების თეატრი აგრძელებს.

ხარაგაულის მერია, თეატრალურ დასსთან ერთად, თეატრის საერთაშორისო დღეს ულოცავს ხარაგაულის თეატრის რეჟისორებს: ირინე ჩხეიძეს და იზა ვეფხვაძეს!უსურვებს მათ დიდი თეატრალური ტრადიციების ღირსეულად გაგრძელებას.

 

ნანახია: 338 - ჯერ