კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/61968341_2389280521319107_7633839142077464576_o_1.jpg

ხარაგაულში სპექტაკლის პრემიერას მწერალი გურამ დოჩანაშვილი დაესწრო

5 ივნისს ხარაგაულის კინოთეატრში  ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა სპექტაკლის პრემიერა „ხორუმი ქართული ცეკვაა“ წარმოადგინა. სპექტაკლი გურამ დოჩანაშვილის პიესის მიხედვით მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დაიდგა.

პრემიერას კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი და თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.

სპექტაკლი პატარა ქართულ ტრადიციულ სოფელში მცხოვრებ სხვდასხვა ასაკის, პროფესიის და ხასიათის ადამიანების ურთიერთობებზე ვითარდება. ერთი სოფლის მაგალითზე  კარგად ჩანს ქართული ხასიათი. სადაც პერსონაჟების საუბრები, ბჭობა, კამათი ქართველების დადებით და უარყოფით მხარეებს წარმოაჩენს. ეს ყველაფერი   სპექტაკლში იუმორით, კრიტიკითა და ირონიით არის გადმოცემული.

პრემიერის დასასრულს, მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა ხარაგაულზე და სპექტაკლის შესახებ ისაუბრა-„ხარაგაული ძალიან მიყვარ, აქ ჩამოსვლა ყოველთვის მაბედნიერებს. დღეს, ხარაგაულის სცენაზე ჩემი პიესა გაცოცხლდა, რითაც  თანადგომა, სიყვარული და ყურადღება ვიგრძენი. დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტყუილად არ მიშრომია.“

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა წარმატებული პრემიერა მიულოცა  ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრს და აღნიშნა, რომ სპექტაკლით ილია ჭავჭავაძე იქნებოდა ბედნიერი, რადგან  თეატრი ერის სარკეა : „ძნელია მწერლობის სცენაზე გადატანა, მითუმეტეს გურამ დოჩანაშვილის-შემოქმედების, ამ დიდი მწერლის პიესასთან შეჭიდება რთულია, თუმცა რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ეს ოსტატურად შეძლო და სპექტაკლი წარმატებით დასრულდა.“

სპექტაკლის პრემიერა-„ხორუმი ქართული ცეკვაა“ სრული ანშლაგისა და ოვაციების ფონზე დამთავრდა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ვასილ კიკნაძე, გიორგი მაქაძე, ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ნიკო წიკლაური, ნიკუშა მაჭავარიანი, ნიკო დეკანოსიძე, ბიჭიკო მაისურაძე, მაია ბერაძე, როლანდ ხიჯაკაძე, გიორგი ჭიპაშვილი, დავით ჭყოიძე, ლია თაბუკაშვილი, ბექა ხიჯაკაძე.
რეჟისორი - ირინე ჩხეიძე

სპექტაკლის განმეორებითი ჩვენება 7 ივნისს 17-00 საათზე გაიმართება. 8 ივნისს კი ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ამ სპექტაკლით ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ,,თეატრალური იმერეთი 2019"-ზე  წარსდგება.

 

 

 

 

ნანახია: 5605 - ჯერ