სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0269.JPG

მერიის სამსახურების ანგარიში - დადებითად, მერის - უარყოფითად! რა გადაწყვეტილება მიიღო ხარაგაულის საკრებულომ

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებს 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. საკრებულოს სხდომას იმერეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე, მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე და მერიის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერი თავის ანგარიშში 2018 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ აქტივობებს შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, მერიას მკაფიოდ აქვს განსაზღვრული მუნიციპალიტეტის განვითარების კურსი და გასული  წელი ნაყოფიერად შეაფასა.

ხარაგაულის მერმა იხელმძღვანელა რა წარმოდგენილი ანგარიშით განმარტა, რომ 2018 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მხრივ, 58%-იანი შესრულება აღინიშნება, რაც ნამდვილად წარმოადგენს პრობლემას. ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, აღნიშნული პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე მას არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ და ამის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მუშაობს.  

ხარაგაულის მერის ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხარაგაულის 40-ზე მეტ სოფელში აშენდა ცენტრალური გზები, ხოლო 2019 წლიდან მერია იწყებს პროექტს „წყალი ყველა სოფელს“.  

ნიკოლოზ თოფურიძემ მოკლედ მიმოიხილა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: „აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის ბიუჯეტი შესრულდა გადაჭარბებით. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს, რათა მუნიციპალიტეტმა შემდგომ წლებში დამატებით შემოსავლები მიიღოს. 2018 წელს იყო ბევრი პრობლემა სოციალური მიმართულებით, სწორედ ამიტომ 2019 წლის ბიუჯეტში სოციალური მუხლის თანხა 170 000 ლარით მეტი განისაზღვრა.

გასული წლის განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ახალგაზრდების მიერ წამოყენებული ინიციატივების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. მაქვს  აქტიური ურთიერთობა ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფთან, რომლებიც ხარაგაულის განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტებს იმუშავებენ.  ნაყოფიერად ვთანამშრომლობ ხარაგაულიდან წასულ ახალგაზრდებთან, რომლებიც თავის სიტყვას ამბობენ ხარაგაულის ცხოვრებაში და ბევრი კარგი გეგმები აქვთ.  2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ახალგაზრდების მიერ ინიცირებული რამდენიმე პროექტის დაფინანსება“ - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ. მან ასევე განმარტა, რომ 2018 წელი იყო ძალიან საინტერესო წელი თავის ცვლილებებით, სიახლეებით და მათ შორის გამოწვევებით. მოკლედ მიმოიხილა სამსახურების საქმიანობა და მადლობა  გადაუხადა მერიის სამსახურის უფროსებს, რომლებიც ძალას არ იშურებდნენ საქმის შესასრულებლად.

ანგარიშის დასასრულს, მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს დეპუტატების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კითხვების ძირითადი ნაწილი შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პრიორიტეტების შერჩევასა და ერთჯერადი სოციალური დახმარებების გაუცემლობას ეხებოდა.

დეპუტატმა დავით კიკნაძემ საკუთარ საამომრჩევლო ოლქში პროექტების დაუფინანსებლობა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრები ხუთი წუთით ადრე იგებენ განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალს და დროის სიმცირის გამო იძულებულნი არიან მოიწონონ.

მუნიციპალიტეტის მერმა დეპუტატებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მერი და მერიის სამსახურები ყველასთან თანამშრომლობენ და მათ საკუთარი წინადადებები და მოთხოვნები მერიასთან ერთად უნდა განიხილონ.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, თორნიკე ავალიშვილი უხარისხოდ შესრულებული გზების საკითხს შეეხო და დაინტერესდა რა ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებით.

მერის განცხადებით, მისი მერობის პერიოდში, რამდენიმე პროექტზე იყო ხარვეზი, თუმცა ასეთ შემთხვევაში მერიას აქვს ქმედითი ბერკეტი, მიღებულია ზომები და თუკი, მეწარმეები ხარვეზებს არ გამოასწორებენ თანხები სრულად არ ჩაერიცხებათ.

საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ ანგარიში უფრო მეტად კრიტიკული უნდა ყოფილიყო და მერს მეტი ესაუბრა პრობლემებზე. მან ასევე განმარტა, რომ მერიის სამსახურების ანგარიშების დადებითად შეფასებაში საკრებულოს მხარს არ უჭერდა. დეპუტატი მერის გასული წლის საქმიანობის უარყოფითად შეფასებაში ერთ-ერთ კრიტერიუმად, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის ფონდით პროექტების შეუსრულებლობას იშველიებს.

პარტია „შენების მოძრაობის“ წევრმა ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ ძალიან კარგია როცა მერს, ანგარიშის წარდგენისას თან ახლავს სამსახურის უფროსები და გუნდი, რომელთან ერთადაც მუშაობს. დეპუტატმა განმარტა, რომ მერის ანგარიშის შეფასების დროს ოპოზიცია მეტად კონსტრუქციულია, ვიდრე უმრავლესობა. მან საკრებულოს, სადაც უმრავლესობა წინა მოწვევის დეპუტატებიც იყვნენ შეახსენა, რომ ის პრობლემები, რაზეც დღეს, ასე ღიად საუბრობენ, წლებია დგას და ამ პრობლემებზე არც თავიანთ წარმოდგენილ ანგარიშებში გაუმახვილებიათ ყურადღება.

მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობა საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებმა შეაფასეს და თავიანთი შენიშვნები გამოთქვეს.

შეფასებამდე საკრებულოს წევრებს იმერეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ მიმართა: „მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონის ხელმძღვანელი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მუნიციპალიტეტებში ბევრი პრობლემაა და ეს, მხოლოდ ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არაა. მნიშვნელოვანია ეს თითოეულმა ჩვენგანმა, რომლებიც ხალხის მიერ ვართ არჩეულები, გავითვალისწინოთ და პასუხისმგებლობა გავიზიაროთ. სწორედ ამიტომ აუცილებელია აქტიურად ვიყოთ ჩართული მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში და პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივად ვიმუშაოთ. ვგეგმავ უახლოეს მომავალში დავიწყო მოსახლეობასთან შეხვედრები, მივალ ყველა სოფელში და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გავეცნობი. საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა, გუნდურობა და თანამშრომლობა“- აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ.

მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის შეფასებაში მონაწილეობა არ მიიღეს საკრებულოს ოპოზიციურმა პარტიებმა, ხოლო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მისი საქმიანობა უარყოფითად შეაფასეს.

მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ნანახია: 6822 - ჯერ