სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0240.JPG

საკრებულოს სხდომაზე ჯანდაცვისა და საფინანსო კომისიების ანგარიში მოისმინეს

 

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული, სამი საკითხი განიხილეს.

დეპუტატებს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ამავე კომისიის თავმჯდომარემ, გივი თხელიძემ წარუდგინა.

სხდომაზე დეპუტატთა უმრავლესობამ ყურადღება სოციალური მიმართულებით თანხების სიმცირეზე გაამახვილა. პარტია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  თორნიკე ავალიშვილი დაინტერესდა, რა მუშაობა გაწია აღნიშნულმა კომისიამ, მაშინ, როდესაც საკრებულოში იქმნებოდა ფრაქციები და ინიშნებოდნენ ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. ოპოზიციონერი დეპუტატი თვლის, რომ სწორედ თანხების სიმცირის გამოა, რომ  ერთჯერადი დახმარებები აღარ გაიცემა.  „ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის შემდეგ გამოთავისუფლებული თანხებით სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამების დაფინანსებას გვპირდებოდნენ. რა ხდება დღეს? რატომ არ ითხოვთ პასუხებს?“ - აღნიშნა თორნიკე ავალიშვილმა.

სოციალური მიმართულებით თანხების სიმცირეზე ყურადღება გაამახვილა, ასევე, დეპუტატმა, დავით კიკნაძემ: „სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ხარაგაულს საგარანტიოებზე გაცილებით მეტი აქვს გაცემული, თუმცა თანხა არასაკმარისია. ბიუჯეტის დაგეგმვის დროს სოციალურ მიმართულებას 103 000 ლარი მოვაკელით, რეორგანიზაციის შემდეგ გამოთავისუფლებული თანხები სოციალური მიმართულებებზე უნდა დაგვეხარჯა, რაც არ შესრულდა. შედეგი სახეზეა.“

დეპუტატებმა მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარადგინა.

აღნიშნული ანგარიში დეპუტატთა სრულმა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა.

საკრებულოს სხდომაზე, ასევე,  ინფორმაცია წარადგინა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მუშაობის შესახებ მუნიციპალიტეტის ვებ გვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ამავე განყოფილების უფროსმა, თეა ბერიძემ.

ნანახია: 1179 - ჯერ