სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/298423781_3265388790404444_6068956110878212605_n%20(1)_1.jpg

ხარაგაული მერი მასწავლებელს დაემშვიდობა

დღეს ხარაგაულის საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა ხარაგაულის საპატიო მოქალაქე, ყველასათვის საყვარელი პედაგოგი, კეთილშობილი თვისებებით შემკული ქალბატონი, მერი გიორგიძე.

83 წლის მერი გიორგიძე აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, სიცოცხლის ბოლო წლებში  ჩვეული დაუშრეტელი ენერგიითა და ადამიანების სიყვარულით სავსე აგრძელებდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას.

გთავაზობთ ჩვენს მიერ ქალბატონ მერი გიორგიძესთან ჩაწერილ პატარა კომენტარს, სადაც საკუთარი ცხოვრების განვლილ წლებს იხსენებს:

 ,,80 წელს გადავაბიჯე და დღემდე აქტიური ყოფის გარეშე ერთი დღეც არ მიცხოვრია.

საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე ქალაქ გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ კი თითქმის 60 წელი ვმოღვაწეობდი პედაგოგიურ ასპარეზზე. ორი წლის წინ დავემშვიდობე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ეს წლები ჩემი ცხოვრების სამშვენისებია. მრავალმა ნიჭიერმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში და ბევრი ქვეყნისათვის სასახელო ადამიანი აღვზარდე.

სამი შვილი და 6 შვილიშვილის ბებია ვარ და საზოგადოებრივი საქმიანობა დღემდე არ შემიწყვეტია. ამჟამად ხარაგაულის ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრში“ ვმუშაობ გაზეთ ,,ახალი ხარაგაულის“ ჟურნალისტად. ვცდილობ, მკითხველს ჩემი კორესპონდენციებით გავაცნო თვალსაჩინო ამბები და საინტერესო ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები. რამდენად ვახერხებ ყოველივე ამას, მკითხველთა მიერ გამოხატული მადლიერებით ვგრძნობ ხოლმე. აქტიურად ვთანამშრომლობ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრთან.

მინდა, რომ ის ენერგია, რაც უფლის წყალობით შემომრჩა, კვლავ ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის სიყვარულში გავხარჯო. ჩემი ყოველდღიური ცხოვრების თანამდევია დიდი ილია ჭავჭავაძის სიტყვები: ,,ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო: აბა დღეს მე ვის რა ვარგე ?“

მერი მასწავლებლის გარდაცვალებას, მრავალი სამგლოვიარო და გამოსამშვიდობებელი პოსტი მიეძღვნა:

იზა ვეფხვაძე:

„ჩემი ცხოვრების დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა.

ჩემი ბავშვობის და მოსწავლეობის ყველაზე ბედნიერი წლების მაესტრო იმქვეყნიურ საუფლოში გაფრინდა. ჩემი მერი მასწავლებელი გარდაიცვალა. ენით უთქმელია ეს მწუხარება. ამქვეყნად ყველაზე კარგი, ერთგული და უღალატო პედაგოგი მყავდა.

მას დღემდე არ დავუტოვებივარ. ყველგან ჩემს გვერდით იყო. უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი თავს.მასწავლებლის ეტალონი იყო.

როგორ გამიჭირდება მის გარეშე. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან. მშვიდობით, ჩემო განუმეორებელო მერი მასწავლებელო. ყოველთვის ჩემთან იქნები.“

 

ნანა კვინიკაძე:

,,დღეს სსიპ დაბა ხარაგაულის N3 სკოლა ყოფილ პედაგოგს , ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს , მერი გიორგიძეს ემშვიდობება, ემშვიდობება მწუხარებით , პატივისცემითა და სიყვარულით.მერი გიორგიძემ, პედაგოგიური საზოგადოების ღირსეულმა წარმომადგენელმა, ათეული წელი მიუძღვნა ახალგაზრდა თაობის აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეს, პირნათლად, კეთილსინდისიერად და ნაყოფიერად ემსახურა N3 საჯარო სკოლას. ბუნებით კეთილშობილი, ჰუმანისტი, მზრუნველი , პროფესიისადმი ერთგულებით გამორჩეული პედაგოგი ყოველთვის სარგებლობდა კოლეგების , მშობლებისა და მოსწავლეების უსაზღვრო სიყვარულით. მუდამ დაუზარელმა, სხვისი ჭირ- ვარამის გამზიარებელმა იცხოვრა უპრეტენზიოდ, ადამიანური ღირებულებების დაცვით, სიყვარულით და მშვიდად , წყნარად , პირნათელი , ვალმოხდილი წავიდა წუთისოფლიდან . ვუთანაგრძნობთ ოჯახის წევრებს , ახლობლებს , თანამშრომლებს და ხარაგაულს.

მშვიდობით, ჩვენო საყვარელო მერი მასწავლებელო, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი თქვენს უკვდავ სულს,მსუბუქი იყოს თქვენთვის მშობლიური მიწა!

 

მარინა ხვედელიძე: „მერი გიორგიძეს ქართული ენა და ლიტერატურა ჩემთვის არ უსწავლებია, ჩემი ქართულის მასწავლებელი სულნათელი თამარ სახვაძე გახლდათ. მაგრამ ვთქვა, მერი მასწავლებელს ჩემთვის არ უსწავლებია უმადურება და პირობითი ნათქვამი იქნება. მერი გიორგიძე ხომ ყველას მასწავლებელი გახლდათ. იგი მწვრთნიდა მოსწავლეობის დროს, სტუდენტობისას, მერე კოლეგები გავხდით და ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ახლა რედაქციაში მუშაობდა, მის ოთახს გვერდს გულგრილად ვერ ავუვლიდი. კარს შევაღებდი და მაშინვე იწყებდა მადლიან ქართულზე საუბარს. სიტყვის ჯადოქარი იყო, მდიდარი ლექსიკა, შესაშური მეხსიერება და მჭევრმეტყველება ყველასგან განასხვავებდა. შენთან საუბარი მავსებს და მჭირდებაო,-მეტყოდა ხოლმე. არადა, მერი მასწავლებელო, ეს მე უფრო მჭირდებოდა, მე უფრო მავსებდა თქვენთან საუბარი! ბევრი გეგმა გვქონდა, ბევრი დასახული მიზანი. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ერთნაირად ვფიქრობდით. მეგობრობის დროს ასაკობრივი სხვაობა რა მოსატანია. ქართულის გაკვეთილები ქართულის კაბინეტში მიტარდებოდა ხოლმე. წინ ჯდომა არ მიყვარდა, ჩემ უკან, კედელთან, მერი მასწავლებლის სამუშაო მაგიდა იდგა. გაკვეთილებზე გვესწრებოდა, თავისთვის მუშაობდა. რამე თუ შემეშლებოდა, წავიფორხილებდი, ჩუმად მახსენებდა, თან ისე, თამარ მასწავლებელს რომ არ შეემჩნია. მერი მასწავლებელზე, ბავშვობიდან დღემდე, უამრავი კარგი რამ მაქვს გასახსენებელი. არ შემიძლია არ აღვნიშნო მერი და თამარ მასწავლებლის თანამშრომლობა, მეგობრობა. ეს ძალიან ფაქიზი, ძალიან ღრმა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული იყო. თამარ სახვაძის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მერი მასწავლებელი თითქმის ყოველდღე აკითხავდა მას და დასავით, მზრუნველი შვილივით ელოლიავებოდა. ასეთი ურთიერთობა მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს შეუძლიათ. დიახ, მერი მასწავლებელი განსაკუთრებული იყო და ამაში მის არაერთი ნამოწაფარი დამეთანხმება. ჩვენ, ხარაგაულელებს, მერი მასწავლებელზე უამრავი კარგი გვაქვს სათქმელი, გასახსენებელი.სიყვარული ძალიან დიდი ძეგლია და, სწორედ ამიტომ, ამჯერად ნიკოლოზ ლორთქიფანიძეს არ დავეთანხმები. დიდებული ადამიანები უძეგლოდ არ იკარგებიან!

მშვიდობით, მერი მასწავლებელო!

 

 

 

ნანახია: 485 - ჯერ