სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/271449945_1283725072096142_4881306415995740718_n.jpg

გაზეთი ,,ახალი ხარაგაულის“ კითხვებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი პასუხობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის, გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორად ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი ხელმძღვანელი, შმაგი ხიჯაკაძე, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარედ აირჩა.

ალექსანდრე ტაბატაძე განათლებით სამართალმცოდნეა. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2006-2007 წ.წ. გახლდათ გამგეობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამსახურის უფროსი. 2007-2015 წ.წ. ეკავა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა. 2015 წლიდან კი ამავე სამსახურში  სოციალურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

რა გეგმები აქვს ახლად დანიშნულ დირექტორს  და რა იქნება მის საქმიანობაში ძირითადი პრიორიტეტი, ამის შესახებ პირადად გვესაუბრება.

-პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ბ-ნ კობა ლურსმანაშვილს, რომელმაც ამ მეტად საპასუხისმგებლო  თანამდებობაზე ნდობა გამომიცხადა და  არჩევანი ჩემს კანდიდატურაზე გააკეთა.  მაქსიმალურად შევეცდები,  ეს ნდობა გავამართლო და  ახალ გამოწვევას სათანადოდ  ვუპასუხო. ჯანდაცვის სფერო ჩემთვის უცხო ნამდვილად არაა, რამდენიმე წელი მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურში წამყვან თანამდებობებზე ვიმუშავე. ზოგადი სურათი, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში, რა პრობლემების წინაშე ვართ და რა არის პრიორიტეტული საკითხები,   კარგად ვიცი. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს ეს სფერო და პირველივე დღიდან შემართებით შევუდექი ჩემზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას. დიდი სურვილი მაქვს, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა,  რაციონალურად გამოვიყენო და სამსახურში ბევრი კარგი სიახლე დავნერგო. თანამშრომლებთან ერთად შევიმუშავე სამოქმედო გეგმა, რომლითაც  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს. დავგეგმეთ  ღონისძიებები, რომლებიც უშუალოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების მიღებას გულისხმობს.  გარდა ამისა, უშუალოდ ცენტრის ორგანიზებით, მოეწყობა რამდენიმე სკრინინგ აქცია, რომელიც დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.  თუმცა ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევად კვლავ კოვიდპანდემია რჩება, რომლის პრევენციის მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ.

- გვესაუბრეთ ძირითად პროგრამებზე, რომლებსაც  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.

- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან  პროგრამას  ატარებს. ცენტრი, თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში,  უზრუნველყოფს პროფილაქტიკური ღონისძიებების, რეკომენდაციების შემუშავება-განხორციელებას, ასევე გადამდები და არაგადამდები დაავადებების კონტროლსა და სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას. გარდა ამისა, ჩვენი ძირითადი საქმიანობაა ეპიდზედამხედველობა, იმუნიზაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლა.  უნდა აღინიშნოს,  რომ დღესდღეობით ვირუსული დაავადებები ძალიან გახშირდა, ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჰქონდეს იმ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

- ბოლო ორი წელია მსოფლიო და, მათ შორის, საქართველო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. რა მდგომარეობაა ამ კუთხით მუნიციპალიტეტში და რა ღონისძიებები ტარდება  ვირუსთან გასამკლავებლად?

- ამ ეტაპზე ხარაგაულში ვირუსის საკმაოდ ბევრი შემთხვევა ფიქსირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ახალი შტამი „ომიკრონი”, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება.  ამ დრომდე, მუნიციპალიტეტში კორონავირუსით  3533  ადამიანი დაინფიცირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია - 3300, ხოლო გარდაცვლილია 43.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები  აქტიურად ატარებენ  მონიტორინგს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, სილამაზის სალონებსა და სხვა ორგანიზაციებში, რათა არ დაირღვეს კოვიდრეგულაციების ნორმები.

ჩვენი მთავარი მიზანია, პანდემია მალე დავასრულოთ, ამისათვის კი საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ვაქცინირებული.

- გვესაუბრეთ covid 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. რამდენი ადამიანია მუნიციპალიტეტში ვაქცინირებული?

- მუნიციპალიტეტში ამჟამად ვაქცინირებული 6500 მოქალაქეა, თუმცა ეს რიცხვი საკმაოდ დაბალია. ჯანდაცვის ცენტრის მთავარი რეკომენდაციაა, მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რადგან ეს პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალია. აცრა 95-%-ით ამცირებს სიკვდილიანობას. ძალიან გვეხმარება ადგილობრივი თვითმმართველობა. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელიც უშუალოდ კურირებს ამ საკითხებს, სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ვაქცინაციის მსურველთა ტრანსპორტირება უზრუნველყოს ამცრელ პუნქტებამდე. აცრა ხარაგაულში ორ ლოკაციაზე - ხარაგაულის კლინიკასა და ბორითის გადაუდებელ ცენტრში − შეუფერხებლად ხორციელდება და ამ დრომდე რაიმე სახის გართულებას ადგილი არ ჰქონია. გეტყვით იმასაც, რომ ამ დრომდე, მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი მხოლოდ „სინოფარმისა” და „სინოვაკის” ვაქცინები იყო, თუმცა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის, აქტიური მუშაობის შედეგად, ხარაგაულის კლინიკაში აცრა  „ფაიზერით”  შესაძლებელი გახდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხარაგაულის მოსახლეობას ყველა სერვისზე აქვს ხელმისაწვდომობა, რათა აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე სხვათა სიცოცხლე.

და ბოლოს მინდა, ხარაგაულელებს მივმართო, რომ მაქსიმალურად მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარშემომყოფებს.

 

 

ნანახია: 1449 - ჯერ