სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC2703.JPG

ბრუისის უბანს, შესაძლოა, სოფლის  სტატუსი მიენიჭოს

ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის  ბრუისის უბნის მოსახლეობა ბრუისის  ცალკე  სოფლად გამოყოფას ითხოვს.  ადგილობრივების თხოვნით სოფლის  მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს  უკვე მიმართა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის თემში ოთხი  სოფელია გაერთიანებულია: ბაზალეთი, ქროლი, წიფი და ღარიხევი. მათგან აღსანიშნავია, რომ სოფელი ღარიხევი  წარმოადგენს პრობლემურ დასახლებას, ვინაიდან მისი ერთ-ერთი უბანი სახელწოდებით „ბრუისი“ მდებარეობს სოფელ ბაზალეთსა და ჯაფაროულს შორის, რის გამოც სოფელში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით ხშირ შემთხვევებში ვერ სარგებლობს ბრუისის უბნის მოსახლეობა,  რაც იწვევს მათ სამართლიან პროტესტს.  აქედან  გამომდინარე, მოსახლეობა ითხოვს ბრუისის უბნის ცალკე სოფლად გამოყოფას.  აქვე აღნიშნულია, რომ   უბნის სახელწოდება „ბრუისი“ ძველი ისტორიული წარსულიდან მომდინარეობს. როგორც გაირკვა ის ცალკე სოფლის სახელით მოიხსენიებოდა საქართველოში მიწის რეფორმის პერიოდშიც, რაც დასტურდება მოსახლეობაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტებით. მაგრამ,  მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტების რეესტრში არსებულ დასახლებათა ჩამონათვალში არც წარსულში და არც ამჟამად „ბრუისი“ არ ფიქსირდება როგორც ცალკე სოფელი.   დეპუტატი   ვარლამ ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ  საკითხის დადებითად გადაწყვეტა ხელს შეუწყობს  სოფელში სოციალურ - ეკონომიკური განვითარების გეგმასა და პროგრამის ეფექტურ განხორციელებას, რაც საბოლოოდ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

მიენიჭება თუ არა ბრუისის  უბანს ცალკე  სოფლის სტატუსი,  ამის შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.  აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტის მერია   კანონის შესაბამისად   სათანადო  ღონისძიებებს ატარებს,  რომლის ფარგლებშიც   21  აგვისტოს, 12  საათზე, სოფელ ღარიხევში,   გამართავს    მოსახლეობასთან შეხვედრას.  შეხვედრა  სასოფლო კლუბის  ეზოში ჩატარდება,    სადაც   ადგილობრივები  დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას   ბრუისის უბნის  ღარიხევიდან გამოყოფისა და  მისთვის  სოფლის  სტატუსის მინიჭების თაობაზე. პროცესებში ჩართულია მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური და წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოიფილება.

ნანახია: 5313 - ჯერ