სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0015.JPG

ევროპის პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში ხარაგაულის მერმა ფულადი ჯილდო გადასცა

ზაურ ბერაძე ხარაგაულის სოფელ ხიდარში დაიბადა. პატარაობიდანვე შეუმჩნევია მამას ძლიერი ფიზიკური მონაცემები და უთქვამს აუცილებლად ჭიდაობაზე უნდა მივიყვანოო. 
5 წლის ყოფილა მომავალი მოჭიდავე, მეზობელ სოფელში, კიცხში მწვრთნელისთვის რომ მიუბარებიათ. წლების განმავლობაში კილომეტრების გავლა უწევდა ფეხით და სახლში გვიან ღამით დაბრუნება, მაგრამ მაინც, დიდი მონდომებით ვარჯიშობდა. 
მეტი სტიმული, რომ ცხოვრებაში წარმატებული სპორტსმენი ყოფილიყო მამის გარდაცვალების შემდეგ გაუჩნდა. 
დღემდე დიდი ემოციით იხსენებს დედა, ნონა ზურაბიანი, ზაურის პირველ გამარჯვებას რაიონის პირველობაზე. პირველ თასს და სიმბოლურ საჩუქარს განსაკუთრებულად საპატიო ადგილი აქვს მათ სახლში. 
 დიდი შრომა დასჭირდა მიეღწია ყველა იმ წარმატებისთვის რაც აქვს და ამისთვს, ყოველ ჯერზე დიდ მადლობას უხდის დედას, რომელიც ვაჟკაცურად ამხნევებდა შვილს და სჯეროდა მისი წარმატების. 
„სასოწარკვეთაში არასდროს ჩავარდნილა. მისთვის მარცხი მორიგი გამარჯვების საწინდარია. ძალიან მშვიდი და მოწესრიგებული ადამიანია. ხშირად მეუბნება მარტო არასდროს იქნები და ნურაფრის შეგეშინდებაო, ეს ძალიან მამხნევებს“ - ამბობს ზაურის დედა.
დღეს ზაურ ბერაძე ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მიიღო. ისაუბრეს განვლილ წარმატებებზე, სამომავლო გეგმებზე და მერიის მხრიდან სპორტსმენის ხელშეწყობაზე.
მერის ინიციატივით ზაურს ფულადი ჯილდო - 1 000 ლარი გადაეცემა. 
22 წლის ზაურ ბერაძეს თავისუფალ ჭიდაობაში 70-მდე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის 50-ზე მეტ ტურნირში პირველი ადგილის მფლობელია. არის აზერბაიჯანის ჩემპიონატის გრან-პრის პრიზიორი, საბერძნეთში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. მოგებული აქვს ასევე, თბილისის პირველობა და რეგიონული პირველობა. არის ვერცხლის მედალის მფლობელი საქართველოს პირველობაზე, ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის ოქროს მედალოსანი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, საქართველოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის. ყველაზე დიდი წარმატება ზაურ ბერაძემ წელს, ევროპის ჩემპიონატზე, მოიპოვა როცა სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში ბელარუს პაჰასიანს 4:2 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ზაურ ბერაძე ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. 
წარმატებებს ვუსურვებთ საამაყო ხარაგაულელს!

ნანახია: 7702 - ჯერ