სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0261.JPG

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შუალედური ანგარიში საკრებულომ უარყოფითად შეაფასა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შუალედური ანგარიში მოისმინა. დეპუტატებს 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტამდე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარუდგინა.

სხდომაზე საკრებულოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების თავმჯდომარეებმა კომისიების დასკვნები წარმოადგინეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს  ექვსი თვე ჰქონდა მიცემული ვადა, რათა გამოესწორებინა ის ხარვეზები, რაც წინა ანგარიშის წარმოდგენის დროს გამოიკვეთა, თუმცა ეს ხარვეზები დღეის მდგომარეობით აღმოფხვრილი არ არის. კერძოდ, დეპუტატი მუნიციპალური ქონების დაუსრულებელ ინვენტარიზაციასა და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის არარსებობაზე საუბრობს. სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვარლამ ჭიპაშვილმა, სამსახურის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა.

მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე არ ეთანხმება დეპუტატის მოსაზრებას და ხაზგასმით განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტში ქონების ინვენტარიზაცია დაწყებულია და ძალიან მარტივად შეუძლია ყველას მიმდინარე პროცესის ნახვა. „ეს არ არის მარტივად გასაკეთებელი პროცედურა, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის ჩატარების წესს განსაზღვრავს, სადაც ასევე კონკრეტულადაა გაწერილი ვადები, ამიტომ ვერ დავეთანხმები, როდესაც მიზეზად  მოცემულ ვადას ასახელებენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქონების აღწერა ექვს თვეში ვერ დასრულდებოდა. მთავარია, დავიწყეთ და ეს პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. აღირიცხება და დაინიშნება ყველა მუნიციპალური ქონება“ - განმარტა ჯაბა ბერაძემ. რაც შეეხება ხარაგაულის ეკონომიკური განვითარების გეგმას, სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ  მუშაობა ამ მიმართულებითაც დაწყებულია. „მერია ჩართულია პროექტში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მუნიციპალიტეტებს ეხმარება გეგმის შემუშავებაში. მიმდინარეობს შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესმენებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან. მათთან ერთად მიმდინარეობს ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება და დასრულებისთანავე წარედგინება საკრებულოს დასამტკიცებლად“ - განაცხადა ჯაბა ბერაძემ.  

საკრებულოს ფრაქციის - „ძალა ერთობაშია“ წევრი, ქეთევან ზუმბაძე სამსახურის საქმიანობას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ის არგუმენტები და შენიშვნები, რის გამოც დეპუტატები  სამსახურის ანგარიშს უარყოფითად აფასებენ არც წლების წინ იყო გათვალისწინებული, ანუ არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია, არ დაწერილა ეკონომიკური განვითარების გეგმა, მაგრამ მაშინ, რატომღაც იგივე დეპუტატები დადებითად აფასებდნენ აღნიშნული სამსახურის საქმიანობას. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ეს შეფასება პიროვნული დამოკიდებულებებითაა გამოწვეული. 

დადებითად აფასებს სამსახურის ანგარიშს პარტია  „შენების მოძრაობის“ დეპუტატი, მიხეილ ჭიპაშვილიც და ამბობს, რომ მათ უნდა მიეცეთ დრო, რათა დაწყებული საქმეები დაასრულონ. როგორც დეპუტატი განმარტავს, თუ წლიური ანგარიშის წარდგენის დროს ეს პროცედურა კიდევ არ იქნება დაწყებული დასრულებული მაშინ უფრო კრიტიკული იქნება.  

ასევე, დადებითად შეაფასეს ქონების მართვის სამსახურის საქმიანობა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმაც. პარტიის წევრი კაკო მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ შენიშვნები, რაც წინა ანგარიშზე გამოითქვა გამოსწორებულია, მუშაობა დაწყებულია და ამას დანახვა უნდა.

ფრაქცია „ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე, უკმაყოფილოა მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსხურის საქმიანობით და მიიჩნევს რომ მეტი მუშაობაა საჭირო.  „რა შენიშვნებიც წინა ანგარიშის წარმოდგენის დროს მივეცით, არ არის გათვალისწინებული. მათ ქონდათ დრო, თუმცა ვერ გამოასწორეს. დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ  შევცდი, როცა წინა მოსმენისას სამსახურის საქმიანობა დადებითად შევაფასე“- განაცხადა პაატა გოგოლაძემ და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შუალედური ანგარიში უარყოფითად შეაფასა. 

საბოლოოდ სხდომაზე მყოფი 29 დეპუტატიდან მერიის ქონების მართვის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა - 6-მა, უარყოფითად - 19-მა, ხოლო თავი შეიკავა 4 -მა დეპუტატმა.

დადებითად შეაფასა რუსუდან გიორგაძემ, ქეთევან ზუმბაძემ, ნიკოლოზ მაღრაძემ, აკაკი მაჭავარიანმა, დავით მაღლაფერიძემ და მიხეილ ჭიპაშვილმა.  

თავი შეიკავა ნონა ზურაბიანმა, თორნიკე ავალიშვილმა და თემურ ფცქიალაძემ.

უარყოფითად შეაფასა მანანა ბარბაქაძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, პაატა გოგოლაძემ, ოთარ ლურსმანაშვილმა, კაკო ლურსმანაშვილმა, შალვა ლურსმანაშვილმა, გივი თხელიძემ, დავით კიკნაძემ, მარინე ხვედელიძემ, ია პაქსაშვილმა, ეკა შველიძემ, ბესო ტალახაძემ, დოდო ხაჩიძემ, ლადო ტალახაძემ, ზურაბ ხაჩიძემ, ლენა აბაშიძემ, ირაკლი ფერაძემ, იულონ კოპაძემ და მალხაზ ფხალაძემ.

 

ნანახია: 4384 - ჯერ