სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0179.JPG

ხარაგაულის ბიუჯეტი 7 625 800 ლარით განისაზღვრა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო. 

ბიუჯეტის პროექტი განსახილველად  დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა.

ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 7 625,8  ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ბიუჯეტზე  736 400 ათასი ლარით მეტია.

ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საკრებულოს წევრებმა საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები გამოთქვეს.

საკრებულოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ ფხალაძის განცხადებით წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად დაგეგმილი 80  ათასი ლარი ცოტაა, რადგან აღნიშნული თანხით  ვერ მოხერხდება მუნიციპალიტეტში არსებულ წყალთან დაკავშირებული პრობლემების სრულად მოგვარება.

ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯომარის, გია თავზარაშვილის განცხადებით, თანხა, რომელიც მომატებულია ბიუჯეტში, პირველ რიგში უნდა მოხმარდეს პრიორიტეტულ პროექტებს, როგორიცაა სოციალური სფერო და სოფლის მეურნეობა.

დეპუტატი იუზა კელენჯერიძე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოფლის მეურნეობის სფეროსთვის ბიუჯეტში თანხების გათვალისწინების საკითხს. მისი განცხადებით ხარაგაული აგრარული მუნიციპალიტეტია, სადაც შესაძლებელია მევენახეობის განვითარება. „მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობა დაფინანსებული იყო 10 ათასი ლარით, თუმცა ამ მიმართულებით წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან თანხა არ გახარჯულა, 2019 წლის ბიუჯეტში კი ამ მიმართულებაზე დაფინანსება საერთოდ არ არის. ვფიქრობ,   ჩვენს მუნიციპალიტეტს ძალიან კარგი რესურსი აქვს რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს, ამიტომ საჭიროა ამ მიმართულებებით შევქმნათ პროგრამები, სადაც შეიძლება დასაქმდეს მოქალაქეებიც.  “  

2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მსჯელობა კომისიებისა და ფრაქციების სხდომის  ფორმატში გაგრძელდება.

 

ნანახია: 3650 - ჯერ