სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcjhcfxvbgncxvb_1.JPG

საკრებულომ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში მოისმინა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ 9 თვის ანგარიში მოისმინა, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ წარადგინა.
ნანა კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მერია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 6 ძირითად პროგრამასა და 17 ქვეპროგრამას ახორციელებს. 9 თვის მონაცემებით, სოციალურ მიმართულებებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სულ 434 800 ლარია გაცემული, აღნიშნული თანხით დახმარება 1 789 ბენეფიციარს გაეწია.
ნანა კიკნაძემ, ასევე, ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა ა(ა)იპ „სათნოების სახლისა“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ გაწეული მომსახურებების შესახებ.
საკითხის განხილვას საკრებულოს უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატ თორნიკე ავალიშვილს შორის დებატები მოჰყვა.
დეპუტატი, ჯამბულ გამცემლიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მომავალ წელს ერთჯერადი დახმარებების პროგრამის გაგრძელების საკითხს. დეპუტატის აზრით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიდ ნაწილი ეკონომიურად გაჭირვებულია და ასეთი ოჯახებისთვის მცირედი დახმარებაც კი შვება იქნება.
როგორც ნანა კიკნაძემ განმარტა, ერთჯერადი დახმარებების პროგრამა მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც იყო ასახული, თუმცა სამედიცინო მომსახურებებზე მოქალაქეთა მხრიდან მაღალი მომართვიანობის გამო, ერთჯერადი დახმარებები თითქმის არ გაცემულა.
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, დავით კიკნაძის თქმით, სოციალურ პროგრამებს 103 000 ლარი დააკლდა. მისივე განმარტებით, მერიის მხრიდან იყო დაპირება, რომ სოციალური მიმართულებებით თანხების დამატება მოხდებოდა, თუმცა ეს დაპირება ვერ შესრულდა.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, თორნიკე ავალიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ერთჯერადი დახმარებები, რომ ვერ გაიცა, ეს საკითხი საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უფრო ანდრე უნდა გახსენებოდათ.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით სამსახური პირნათლად ასრულებს დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, თუმცა სათანადო ხელშეწყობა არ აქვთ იმისა, რომ მათი მუშაობა უფრო ეფექტური იყოს. გამომდინარე აქედან, ვარლამ ჭიპაშვილმა ანგარიშის შეფასებაში მონაწილეობა არ მიიღო. ანგარიში არ შეაფასეს ასევე, საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. 
დეპუტატთა უმრავლესობამ კი, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა.
სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხა წარადგინა. მისი განმარტებით, საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხას დაემატა სოფელ თეთრაწყაროში არსებული 2 830 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართი, რომელიც შეფასებულია 8 200 ლარად.
ასევე, დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის N105 მდებარე 6 579 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა (შეფასებულია 66 000 ლარად) და სოფელ საღანძილეშია არსებული რკინის მილები საერთო სიგრძით 286 მ. (შეფასებულია 10 ათასი ლარად).
საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხასთან დაკავშირებით, დეპუტატმა ოთარ ლურსმანაშვილმა გამოთქვა შენიშვნები. მისი განცხადებით, თეთრაწყაროში მიწის ფართისა და სოლომონ მეფის N105 მდებარე(ყოფილი ვეტ.პუნქტი) შენობა-ნაგებობის გასხვისების საკითხს არ აქვს კომისია გავლილი. დეპუტატი ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული საპრივატიზაციო ობიექტების გასხვისება არ არის მოსახლეობასთან შეთანხმებული.
დეპუტატი თემურ ფცქიალაძე აღნიშნავს, რომ სოლომონ მეფის N105 მდებარე შენობა-ნაგებობა არ უნდა გასხვისდეს. მისი აზრით, აღნიშნულ ქონებას უნდა ჩაუტარდეს რეაბილიტაცია, რომელიც შეიძლება შემდგომში გამოყენებული იყოს სოციალურ საცხოვრისად მუნიციპალიტეტში უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებისთვის.
ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის, უფროსის ჯაბა ბერაძის თქმით შენობაში ჩამოდის წყალი, დღითიდღე ზიანდება და თუ დროულად არ მოხერხდა შენობის გასხვისება, ან შეკეთება შეიძლება ობიექტის საპრივატიზაციო თანხის საწყისი ღირებულებამ დაიკლოს.
დეპუტატი ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტში ბიზნეს სექტორის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, თუმცა ამით მოსახლეობის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს.
აღნიშნული ორი საკითხი გადაიდო მომავალ სხდომაზე განსახილველად.
სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით უვადოდ გადაცემის თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
მომხს: ჯაბა ბერაძე
2 .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლი 04 ივნისის N 27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

ნანახია: 5599 - ჯერ